აშშ აპირებს ზუსტად დაადგინოს, ვინ არის კახოვკის ჰესის დანგრევისთვის პასუხისმგებელი

სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი თეთრ სახლში გამოსვლისას. ვაშინგტონი, 17 თებერვალი, 2023.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დარწმუნებით არ შეუძლია თქვას, ვინ არის პასუხისმგებელი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დანგრევისთვის. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, აშშ ყოველ ღონეს ხმარობს, რათა შეაფასოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამნაშავე არის რუსეთი.

მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მათ ხელთ არსებული სადაზვერვო მონაცემებით, სწორედ რუსეთმა გაანადგურა კაშხალი და ამ მონაცემების გასაჯაროებას უკვე სამშაბათს შეძლებენ.

შეკითხვას, თუ როგორ იმოქმედებს კაშხლის ნგრევა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, კირბიმ უპასუხა, რომ ამაზე მსჯელობა ნაადრევია.

უკრაინა რუს სამხედროებს ადანაშაულებს ადრე დანაღმული კაშხლის განზრახ დანგრევაში. რუსეთი, რომლის კონტროლქვეშ იყო კაშხალი, ირწმუნება, რომ ის არ აუფეთქებია და რომ კაშხალი უკრაინული დივერსიის შედეგად დაინგრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ ელექტროსადგური რუსეთის ჯარებს ჰქონდათ დანაღმული და მათვე ააფეთქეს ის.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას უწოდა უკრაინის მიერ განხორციელებული დივერსიის შედეგი. პრორუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კაშხალი რამდენიმეთვიანი დაბომბვის გამო დაინგრა.

მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის ჯარებმა 6 ივნისს დილით ადრე ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ჯებირი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის გადასარჩენად - ჩართულია ყველა სამსახური, ჯარები, მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრებს ასევე აცნობეს, რომ სულ მცირე 150 ტონა მანქანის ზეთი ჩაიღვარა მდინარე დნეპრში, არსებობს 300 ტონაზე მეტის გაჟონვის რისკი.

ამ დროისთვის სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.