წყლის დონე იკლებს კახოვკის ჰესის ნგრევის გამო დატბორილ ხერსონის ოლქში

კახოვკის ჰესის ნგრევის შედეგად ქალაქ ხერსონში დატბორილი უბანი. 2023 წლის 8 ივნისი

სამაშველო ოპერაცია გრძელდება უკრაინის ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰესის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის ზონაში.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, წყლის დონემ 20 სანტიმეტრით იკლო მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებებში და დილის მდგომარეობით, 5 მეტრზე ოდნავ მეტია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, 32 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 3 624 სახლი. ევაკუირებულია 2 353 ადამიანი.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ მოხალისეებს, რომლებიც ევაკუაციაში ნავებით მონაწილეობენ, მოუწოდა, ჯერჯერობით თავი შეიკავონ ქალაქ ხერსონში სამაშველო ოპერაციის გაგრძელებისგან, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები მუდმივად ისვრიან და უსაფრთხოების მხრივ, ვითარება გაუარესებულია.

ასევე ნახეთ რუსეთის ჯარებმა ხერსონის დატბორილი რეგიონი დაბომბეს იქ ზელენსკის ჩასვლიდან მალე

რაც შეეხება ხერსონის ოლქის მეორე ნაწილს, დნეპრის მარცხენა ნაპირს, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები ადგილობრივ დე ფაქტო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, დღეს დილით წერენ, რომ წყლის დონემ 2 მეტრით იკლო და 10 მეტრს შეადგენს. მათივე ცნობით, 17 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 22 300-მდე სახლი და ევაკუირებულია 5 000 ადამიანი. 8 ივნისს დე ფაქტო ადმინისტრაცია იუწყებოდა 5 ადამიანის დაღუპვის შესახებ.

  • 6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
  • კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
  • პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
  • ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
  • კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
  • რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
  • როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.