ხარკოვის რეგიონში რუსეთის არმიამ სამოქალაქო მანქანას ესროლა, არიან დაღუპულები - ხელისუფლება

ხარკოვის რეგიონი ერთ-ერთი დაბომბვის დროს. საილუსტრაციო ფოტო

17 ივნისს რუსეთის არმიამ ხარკოვის რაიონის სოფელ გურიევ კაზაჩოკში სამოქალაქო მანქანას ესროლა, თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ განაცხადა სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა, რომელმაც დამწვარი მანქანის ფოტო და ცნობა ტელეგრამის არხით გაავრცელა.



მისივე ცნობით, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა დასახლების მიმართულებით მოძრავ სამოქალაქო მანქანას მოხვდა - მანქანაში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

"დეტალები დგინდება. ეს არის რუსების მორიგი ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - განაცხადა სინეგუბოვმა.


რუსი სამხედროები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ყოველ ჯერზე უარყოფს, თითქოს მისი სამხედროების თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყოს.