ჩინეთმა მთლიანად გამორიცხა რუსეთი CR929 ტიპის თვითმფრინავების ერთობლივი პროექტიდან

ფართოკორპუსიანი, CRAIC CR929 ტიპის თვითმფრინავის მოდელი

რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი პროექტი, რომელიც 2017 წელს დაიწყო და CR929 ტიპის ფართოკორპუსიანი თვითმფრინავების შექმნას ითვალისწინებდა, რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება. ამის შესახებ იტყობინება The Air Current-ი.

ეს რუსეთისთვის პირველი ასეთი პროექტი უნდა ყოფილიყო საბჭოთა პერიოდის შემდეგ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტის ბედი გაურკვეველი იყო, რადგან ჩინეთს სურდა ჩამოერთმია მოგება რუსეთისთვის ჩინეთის ბაზარზე და მხოლოდ 70%-იანი წილი დაეტოვებინა მისთვის სხვა ბაზრებზე, სადაც Airbus-ისა და Boeing-ისთვის მოუწევდა კონკურენციის გაწევა.

რუსეთმა ჩინეთს სათადარიგო ნაწილების საკუთარი მწარმოებლები შესთავაზა, მაგრამ პეკინმა მიმართა დასავლელ მიმწოდებლებს, რომლებსაც აშშ-სა და ევროპაში ფრენისას უფრო მეტი საიმედოობის უზრუნველყოფა შეუძლიათ.

2022 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის ვიცე-პრემიერმა, იური ბორისოვმა CR929 თვითმფრინავის შექმნის პროექტში რუსეთის მონაწილეობის შეკვეცის შესახებ გამოაცხადა: „ჩინეთი სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის დაინტერესებული ჩვენი მომსახურებით“, - თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთთან ახალი CR929 თვითმფრინავის წარმოების შესახებ ხელი მოაწერა 2014 წელს, პეკინში ვიზიტის დროს. ეს არის ყველაზე დიდი შეთანხმება ჩინეთსა და რუსეთს შორის საავიაციო მრეწველობაში. მისი ღირებულება 50 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. პროექტს ამუშავებენ United Aircraft Corporation-ი და China Commercial Aviation Corporation-ი.

CR929-ის პირველი ფრენა 2025 წლისთვის იგეგმება, მოდელის ექსპლუატაციაში გაშვება კი - 2028 წელს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების ფარგლებში, ევროკავშირმა აკრძალა რუსეთისთვის თვითმფრინავების და სათადარიგო ნაწილების მიწოდება, ასევე - მათი ტექნიკური მომსახურება და დაზღვევა. შეერთებულმა შტატებმა შეზღუდა საავიაციო პროდუქტების ექსპორტი და სანქციები დაუწესა რუსეთის ავიახაზებს.