NYT: რუსეთს მოეპოვება მესინჯერების თვალთვალის ტექნოლოგიები

რუსეთში ხელისუფლების მოთხოვნით შექმნეს პროგრამები Telegram-ის, WhatsApp-ის და Signal-ის მომხმარებელთა თვალთვალისთვის. ისინი შეიძლება გამოიყენონ FSB-მ და პოლიციამ. ამის შესახებ წერს The New York Times-ი, რომელმაც, როგორც ის ამტკიცებს, ორმოცამდე დოკუმენტური მტკიცებულება მოიპოვა.

ტელეკომუნიკაციების მონიტორინგის ტექნოლოგიური ბაზრის დიდ ნაწილს აკონტროლებს ჰოლდინგი „ციტადელი“, რომელიც 2022 წლამდე ნაწილობრივ რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნოდა.

„ციტადელის“ შვილობილ კომპანიებს შორის არის MFI Soft-ი, რომელმაც შეიმუშავა ინსტრუმენტი NetBeholder-ი. პროგრამას შეუძლია განსაზღვროს, ვინ ვის როდის და სად ესაუბრება მესინჯერებში, ასევე არის თუ არა შეტყობინებაზე მიმაგრებული ფაილი. ინსტრუმენტს არა აქვს წვდომა მიმოწერის შინაარსზე, ხაზგასმით აღნიშნავს NYT.

გარდა ამისა, NetBeholder-ს შეუძლია აჩვენოს ორი ტელეფონის მდებარეობა დღის განმავლობაში, რათა დაადგინოს, იყო თუ არა ისინი ერთმანეთის სიახლოვეს. ასევე პროგრამას სატელეკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მონაცემების გამოყენებით შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან ან რუსეთის რომელი რეგიონიდან არის მომხმარებელი.

ადრე ასეთი ინფორმაციის მისაღებად ხელისუფლება იძულებული იყო, ის მესინჯერების მფლობელი კომპანიებისგან გამოეთხოვა. მოთხოვნის მიღების შემდეგ კომპანიები თავად წყვეტდნენ, გადაეცათ თუ არა ინფორმაცია.

„ციტადელმა“ არ უპასუხა NYT-ის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ინფორმაციაზე. უსმანოვის წარმომადგენელმა თქვა, რომ ბიზნესმენი „რამდენიმე წელია, აღარ არის ჩართული კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებში“.

Telegram-ისა და Signal-ის თანახმად, ქსელში მონაცემთა მოძრაობის შენიღბვა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მესინჯერების ჩაშენებული ფუნქციების გამოყენება, რათა გართულდეს მისი თვალყურის დევნება. WhatsApp-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სათვალთვალო ინსტრუმენტები წარმოადგენს „საფრთხეს კონფიდენციალურობისთვის“ და რომ ის გააგრძელებს პირადი საუბრების დაცვას.

NYT-ის ცნობით, უკვე შეეცადნენ ზოგიერთი რუსული გამოგონების გაყიდვას აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის ფსბ-მ და პოლიციამ შესაძლოა მალე მიიღონ ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია Telegram-ის ანონიმური არხების მფლობელებისა და ადმინისტრატორების გამოთვლა.