გაიზარდა კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

რუსული რაკეტით დანგრეული სახლი კრივოი-როგში. 2023 წლის 31 ივლისი

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად. მანამდე დადასტურებული იყო 1 ადამიანის სიკვდილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 4 ბავშვია.

უკრაინის შსს-ს ცნობით, ერთი რუსული რაკეტა მოხვდა სასწავლო დაწესებულების 4-სართულიან შენობას, მეორე კი - საცხოვრებელ კორპუსს. დანგრეულია სახლის ნაწილი მეოთხიდან მეცხრე სართულამდე.

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხერსონშიც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ცენტრზე იერიში მიიტანეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, „გრადის“ გამოყენებით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მტერი ჯიუტად უტევს ქალაქების ცენტრებს, სახლებს და სამოქალაქო ობიექტებს, თუმცა „ეს ტერორი“ უკრაინას ვერ შეაშინებს და ვერ გატეხს.