აშშ-ის კვლევამ დაადგინა უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების იძულების "შემაშფოთებელი ტენდენცია"

აშშ-ის ანგარიში აღწერს უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების იძულებას

უკრაინელებს, რომლებიც უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, აიძულებენ რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მძიმე ზომები ემუქრებათ, რუსეთში დეპორტაციის ჩათვლით - ნათქვამია აშშ-ის მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა.

გამოკვლევის თანახმად, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მცხოვრებნი ექვემდებარებიან სისტემატურ ზეწოლას, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის უკრაინული იდენტობის ჩამორთმევას.

ანგარიში გამოაქვეყნა იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიის კონფლიქტების ობსერვატორიამ.

"ანგარიში დეტალურად აღწერს შემაშფოთებელ კამპანიას, რომელიც მცხოვრებლებს აიძულებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა. "მათ, ვინც ამაზე უარს ამბობს, ეზღუდებათ წვდომა საჯარო სერვისებზე, დასაქმებაზე და საკუთრების უფლებაზე, რასაც გავლენა აქვს მათ მობილობაზე, ჯანდაცვაზე და ცხოვრებაზე", - დასძენს ის.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვების მშობლები, რომლებიც უარს აცხადებენ თავიანთი შვილების რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად რეგისტრირებაზე, ექვემდებარებიან კიდევ უფრო მძიმე სირთულეებს, მათ შორის წვდომის შეზღუდვას მშობლებისთვის განკუთვნილ დახმარებაზე. "ზოგიერთ მშობელს დაემუქრნენ ბავშვების ჩამორთმევით და შესაძლო დეპორტაციით რუსეთში", - ამბობს მილერი.