საქართველო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს

საქართველოს კონსტიტუცია

24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებს ულოცავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, კონსტიტუციის დღე ერთიანობის მომენტია, „რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის - ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად!“

„საქართველოს კონსტიტუცია - ჩვენი ხელშეკრულება ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან - დიდი ისტორიისა და კულტურის განმსაზღვრელ ფასეულობებს ეფუძნება. ამავდროულად, ის ახალ მიზნებსა და ამოცანებს ასახავს თანამედროვე ეპოქაში ქვეყნისა და ხალხის წინსვლა-განვითარებისათვის“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა ფეისბუკის გვერდზე მოქალაქეებს კონსტიტუციის დღე ამ ფორმით მიულოცა.

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. იმელის შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე მასში 30-ზე მეტი ცვლილება შევიდა. ყველაზე მასშტაბური იყო 2004 და 2010 წლების საკონსტიტუციო რეფორმები. 2010 წლის რეფორმით, რომლით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში 2013 წელს შევიდა, შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის ფორმა და საქართველო გახდა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის მეთაური.