რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ ყირიმის ხიდზე შეტევა სამჯერ სცადა

ყირიმის ხიდი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის არმიამ სამჯერ სცადა ყირიმის ხიდზე თავდასხმა უპილოტო აპარატებით:

„განადგურდა მესამე უკრაინული ნახევრად წყალქვეშა უპილოტო ნავი, რომელიც კიევის რეჟიმის მიერ გაგზავნილი იყო ყირიმის ხიდზე ტერაქტის განსახორციელებლად“, - წერს რუსეთის უწყება.

ხიდზე მოძრაობა სამ საათზე მეტხანს იყო გადაკეტილი.

უკრაინას თავდასხმის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა მანამდე კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს უკრაინის ხელისუფლება განიხილავს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ, რადგან სწორედ მისი გავლით მარაგდება უკრაინაში მყოფი რუსეთის ჯარები.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, ყირიმის ხიდი არ არის მხოლოდ „პატარა ლოგისტიკური გზა“, არამედ - ობიექტი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ ყირიმში პოზიციების გასაძლიერებლად.

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა ხიდის სამხრეთით შვიდი ბარჟა განათავსა, სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო აპარატებისგან თავდასაცავად.

ასევე ნახეთ

ყირიმის ხიდის მახლობლად ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება