მოსკოვში აღმართეს ლუბიანკაზე მდგარი ძერჟინსკის ძეგლის ასლი, მისი მზერა პოლონეთისა და ბალტიისკენაა მიმართული

ფელიქს ძერჟინსკის ძეგლი მოსკოვის ერთ-ერთ პარკში. ადრე ის კგბ-ს შენობის წინ იდგა ლუბიანკის მოედანზე. 25 თებერვალი, 2021.

მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) შტაბ-ბინის ტერიტორიაზე, იასენევოში, ფელიქს ძერჟინსკის ძეგლი გაიხსნა, იუწყება ტასი. ძეგლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.

ჟურნალისტებმა ჩინოვნიკს ჰკითხეს, სიმბოლურია თუ არა, რომ ძეგლის თავი ჩრდილო-დასავლეთისკენ - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებისკენ არის მიმართული. ამავე მიმართულებით ჰქონდა მიმართული მზერა ძერჟინსკის ძეგლს, რომელიც მოსკოვში, ლუბიანკაზე, კგბ-ს შენობის წინ იდგა, სანამ მას 1991 წელს აიღებდნენ.

ნარიშკინის თქმით, პოლონეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდან კვლავაც მომდინარეობს საფრთხე. „აღმართული ძეგლი არის გამოჩენილი საბჭოთა მოქანდაკის ცნობილი ძეგლის ზუსტი, რამდენადმე შემცირებული ასლი, ამიტომ ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა უფლება, შეგვეცვალა ამ ძეგლის გმირის ხედვის მიმართულება. ხოლო ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს, საფრთხე ემუქრებათ ჩრდილო-დასავლეთიდან [კვლავაც რჩება] - დიახ, ეს აშკარაა“, - განაცხადა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა.

1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ფელიქს ძერჟინსკი ხელმძღვანელობდა ჩეკას, რომელიც სამოქალაქო ომის დროს ახორციელებდა ტერორს კონტრრევოლუციური ორგანიზაციების საქმიანობასთან კავშირში ბრალდებულთა წინააღმდეგ.

ძერჟინსკის დიდი ძეგლი 1958 წელს დადგეს მოსკოვში, ლუბიანკაზე, კგბ-ს შენობასთან (რომლის კანონიერი მემკვიდრეა ფსბ). 1991 წელს დემონსტრანტებმა მისი დემონტაჟი მოითხოვეს „გეკაჩეპეს“ პუტჩის წარუმატებლობის შემდეგ. დემონსტრანტები მას საბჭოთა რეჟიმისა და რეპრესიების ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ძეგლი მოსკოვის საკრებულოს გადაწყვეტილებით აიღეს სპონტანური დანგრევის თავიდან ასაცილებლად. ამჟამად ის იმყოფება „მუზეონის“ პარკში.

2021 წლის თებერვალში მოსკოვში მოეწყო კენჭისყრა ლუბიანკის მოედანზე ორიდან ერთ-ერთის - ფელიქს ძერჟინსკის ან თავად ალექსანდრე ნეველის ძეგლის დადგმის საკითხზე. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გამოაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება ლუბიანკის მოედანზე ძეგლს არ დადგამს და გააუქმა კენჭისყრა. მერის თქმით, მან კენჭისყრის შეწყვეტა დავისა და ამომრჩეველთა შორის მწვავე განხეთქილების გამო გადაწყვიტა.

ძეგლის დაბრუნების მოწინააღმდეგეები ძერჟინსკის ტერორისა და რეპრესიების სიმბოლოდ მიიჩნევენ, ხოლო მომხრეები მას წესრიგის აღდგენის სიმბოლოდ თვლიან, ზოგნი ლაპარაკობენ „ისტორიასთან შერიგებაზე“ ან აქებენ ევგენი ვუჩეტიჩის ქანდაკების მხატვრულ ღირსებებს.