საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პარტიასთან და პარლამენტთან შეთანხმდნენ, რომ ყველა ის პუნქტი, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, თვის ბოლომდე შესრულდება. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს, 15 სექტემბერს, თქვა, რომ "ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს".
"ჩვენ პარტიასთან, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა ამ პუნქტზე ექნება ჩვენს გუნდს, მმართველ პარტიას რეაგირება. მაქსიმუმს გავაკეთებთ. იმ კვირაში ეს პროცესიც ჩაიხურება.
ვფიქრობ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამიტომ, მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ. კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით", - თქვა ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ რა ჩამოიტანა და რა წაიღო ჟოზეპ ბორელმა საქართველოდან2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.