უკრაინის რადის სახალხო დეპუტატი ნესტორ შუფრიჩი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს

ნესტორ შუფრიჩს მისი ბინის ჩხრეკის ორდერს აცნობენ, 15 სექტემბერი, 2023

პეჩორის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სახალხო დეპუტატ ნესტორ შუფრიჩს. „რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის“ მას სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.

15 სექტემბრის დილას უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) თანამშრომლებმა გაჩხრიკეს აკრძალული პარტიის („ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“) წევრის, ნესტორ შუფრიჩის სახლი, სადაც, უკრაინული მედიის ცნობით, მოწმეების თანდასწრებით იპოვეს რუსული სიმბოლიკა და ჯილდოები. მათ შორის - აკრძალული "წმინდა გიორგის ლენტები" და რუსი ოფიცრის სამხედრო კიტელები.

გამოძიების თანახმად, შუფრიჩი "მჭიდროდ თანამშრომლობდა „ეფესბეშნიკ“ (ასე უწოდებენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტებს - რედ.) და ყოფილ სახალხო დეპუტატ ვლადიმირ სივკოვიჩთან, რომელიც მოსკოვის ოფისიდან უწევდა კოორდინაციას უკრაინაში რუსი აგენტების საქმიანობას".

საგამოძიებო უწყების ცნობითვე, სწორედ სივკოვიჩი იყო SBU-ს ყირიმის ცენტრალური ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, გასულ წელს დაპატიმრებული ოლეგ კულინიჩის "კურატორი".

შუფრიჩი არ არის ერთადერთი უკრაინელი დეპუტატი, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში.

მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად ცნო სერგეი პოლიშჩუკი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ბლოკის ყოფილი დეპუტატი "ვერხოვნა რადაში", მის მიერ უკრაინის არსებობის უარყოფის გამო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდეც კი, პოლიშჩუკი რეგულარულად სტუმრობდა მოსკოვს და მონაწილეობდა რუსი პროპაგანდისტის, ოლგა სკაბეევას გადაცემებში.

ივლისის ბოლოს უკრაინაში სახელმწიფო ღალატის მუხლით "ვერხოვნა რადის" ორ დეპუტატს, ვადიმ რაბინოვიჩს და ალექსანდრ პონომარიოვს წაუყენეს ბრალი.

ისინი იმ აკრძალული პარტიის („ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“) წევრები არიან, რომლის ლიდერი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი 2022 წელს დააკავეს სახელმწიფო ღალატის მუხლით და მოგვიანებით მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებისას ტყვედ აყვანილ „აზოვის“ პოლკის მებრძოლებში გაცვალეს.

ვადიმ რაბინოვიჩს, რომელიც უკრაინაში არ იმყოფება, 26 ივლისს უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სახელმწიფო ღალატის ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

ალექსანდრ პონომარიოვი კი მოქმედი პარლამენტარია. მას 25 ივლისს კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ 21 სექტემბრამდე მიუსაჯა საგამოძიებო იზოლატორში წინასწარი პატიმრობა.