ერევანში უსაფრთხოების ძალებმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბლოკ „დედა სომხეთის“ წარმომადგენელი ანდრანიკ თევანიანი დააკავეს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკოსი დააკავეს ერევნის ერთ-ერთ ქუჩაზე, რომლის ბლოკირებასაც ის და მისი თანამოაზრეები 22 სექტემბერს ცდილობდნენ.
პოლიტიკოსის დაკავების კადრები გაავრცელა დამოუკიდებელმა ტელეარხმა "ფაქტორ ტვ-მ".
თევანიანის გარდა, პოლიციამ აქციის 26 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ რუსეთის სააგენტო "ტასს" სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცნობეს.
თევანიანმა ხუთშაბათს მოუწოდა მომიტინგეებს, რომ 22 სექტემბრის დილიდან დაეწყოთ ერევნის ქუჩების გადაკეტვა. მანამდე ოპოზიციამ გამოაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა. მასში შევიდნენ ოპოზიციური ფრაქციის, "მაქვს პატივის" ხელმძღვანელი ჰაიკ მამიჯანიანი, ერევნის მერობის კანდიდატი "დედა სომხეთის" ბლოკიდან ანდრანიკ თევანიანი, ინიციატივა "ჰაიაკვეს" კოორდინატორი ავეტიკ ჩალაბიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაზგენ მანუკიანი და ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი.
"ჩვენი პირველი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს ხელისუფლება მუხლებზე დავაყენოთ, ავუხსნათ მათ, რომ ისინი უკვე მკვდრები არიან, როგორც მთავრობა, და ამის შემდეგ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი ლეგიტიმური გზით. ამიტომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ ჩვენს იმ პარტნიორებს, რომლებიც ეროვნულ ასამბლეაში (სომხეთის პარლამენტში) არიან", - აღნიშნა სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვაზგენ მანუკიანმა.
სომხეთში შიდაპოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში დაწყებული "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შედეგად, რეგიონის სომხური ხელმძღვანელობა დასთანხმდა ცეცხლის შეწყვეტას და მიიღო ბაქოს ულტიმატუმი. ულტიმატუმი ითვალისწინებდა რეგიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, 20 სექტემბერს აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.