რუსეთის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის საჩივარი მის 19-წლიან პატიმრობაზე

ალექსეი ნავალნი

რუსეთის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საჩივარი იმ 19-წლიანი პატიმრობის განაჩენზე, რომელიც მას ექსტრემიზმის ბრალდებით გამოუტანეს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ნავალნი 4 აგვისტოს ცნეს დამნაშავედ ექსტრემიზმში და მას 19 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. ნავალნი ამ ვადას სხვა განაჩენების პარალელურად მოიხდის რუსეთის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

26 სექტემბერს მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე ძალაში დატოვა ნავალნის განაჩენი. საჯაროდ მხოლოდ გადაწყვეტილება გამოცხადდა.

ნავალნის გუნდმა სასამართლოს გადაწყვეტილებას უპასუხა პლატფორმა X-ზე, უწინდელ ტვიტერზე - გუნდის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს სასამართლოს გასაიდუმლოებული ხასიათი და განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ გააჩუმებს ნავალნის და მის გუნდს.

ნავალნისთვის წაყენებულ ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ თავად პატიმარი, მისი მოკავშირეები, უფლებადამცველები და დასავლეთის ქვეყნების მთავრობები.