თბილისის მერიამ ავტობუსის მძღოლების ასაყვანად ვაკანსია გამოაცხადა

თბილისში მოძრავი ავტობუსები

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია ვაკანსიას აცხადებს ავტობუსის მძღოლების ასაყვანად. როგორც მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, იგეგმება 400 ადამიანის დასაქმება.

მისი თქმით, ამჟამად თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მძღოლები გადამზადდებიან, რათა შეძლონ ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების მართვა.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება. მათ ნაცვლად, აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანტური ადგილები", - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე მძღოლის ანაზღაურება (დასაბეგრი, გამომუშავებით) 2500 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს.

თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი ჯდება, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.

ასევე ნახეთ მერიამ 160 ცალი 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა

კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა 5 წლის წინ დადო, მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას.

ასევე ნახეთ როგორ ავტობუსებს ყიდულობს მერია - ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია

სწორედ 18-მეტრიანი ავტობუსებითა და მათთვის განკუთვნილი ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მერიის სატრანსპორტო სამსახური ქალაქის მოსახლეობას თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას.