ლავროვი: მზად ვართ უკრაინასთან შეთანხმებისთვის „მიწაზე შექმნილი რეალიების გათვალისწინებით“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების და შეთანხმების პირობად ასახელებს „მიწაზე შექმნილი რეალიების“ გათვალისწინებას. მოსკოვის ენაზე ეს ნიშნავს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს, 28 სექტემბერს, გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიცია უცვლელია და შეთანხმებისთვის მზად არიან, „მაგრამ შეთანხმებისთვის იმ რეალიების გათვალისწინებით, რომლებიც მიწაზე შეიქმნა“ და ასევე, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ინტერესებს შორის დაასახელა რუსეთის საზღვრებთან „მტრული ნაცისტური რეჟიმის შექმნის არდაშვება“, რადგან ლავროვის თქმით, „რეჟიმის ღიად დეკლარირებული მიზანია ყველაფრის რუსულის განადგურება ყირიმის და ნოვოროსიის იმ მიწებზე, რომლებიც რუსმა ხალხმა ასწლეულების განმავლობაში აითვისა და მოაწყო“.

ასევე ნახეთ ნოვოროსიის აღდგენა - რუსეთი უკრაინაში წლების წინ დასახული გეგმით მოქმედებს

უკრაინის ხელისუფლების პოზიციაა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული ჯარი დატოვებს ყველა ოკუპირებულ რეგიონს და აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული. ამავე პერიოდიდან მოსკოვი უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს აკონტროლებდა ადგილობრივი სეპარატისტების მეშვეობით.

2022 წლის თებერვლიდან, უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის არმიამ დაიკავა ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილიც და დონეცკის და ლუგანსკის ოლქებთან ერთად რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ბრძოლას ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.