14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ფოტო არქივიდან: თელავის რაიონული სასამართლო

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ დანაშაულში, 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 9 ოქტომბერს, მიიღო. სოფელ ლამბალოს მკვიდრი, 27 წლის ასიმ ასლანოვი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი არასრულწლოვანი გოგოს მკვლელობის შემდეგ ჯერ კიდევ მიმალვაშია.

შემთხვევა 6 ოქტომბერს მოხდა. ასლანოვმა 14 წლის გოგო ორი თვის წინ მოიტაცა. ფაქტს რადიო თავისუფლებას უდასტურებს ასლანოვის მამა ადალათ ასლანოვი და ამბობს, რომ გოგო თითქმის ორი თვის განმავლობაში მათ ოჯახში ცხოვრობდა.

ასევე ნახეთ

"სკოლაში არ დადიოდა, დედამ გვითხრა, კახეთშია დასასვენებლადო" - რა ვიცით 14 წლის გოგოს მკვლელობაზე

მოკლული გოგოს დედა ამბობს, რომ მისი შვილი ქორწინების წინააღმდეგი იყო და გამტაცებლის ოჯახიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა ვერ ახერხებდა. მკვლელობაც გაქცევის მორიგი მცდელობის დროს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ ცალკე გამოძიება დაიწყო 150-ე პრიმა მუხლით.