გენერალი სუროვიკინი ვიქტორ აფზალოვმა შეცვალა

სერგეი სუროვიკინი

სერგეი სუროვიკინის ნაცვლად რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლად ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა, - ამის შესახებ წერენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები „ტასი“ და „ნოვოსტი“. გენერალი სუროვიკინი ამ თანამდებობას 2017-2023 წლებში იკავებდა.

აფზალოვი იყო საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ, რაც სუროვიკინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, აფზალოვს დამთავრებული აქვს პუშკინის საჰაერო თავდაცვის რადიოელექტრონიკის უმაღლესი სამხედრო სკოლა, საჰაერო თავდაცვის სამხედრო უნივერსიტეტი და გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია. 2017 წლიდან მეთაურობდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალებს.

სერგეი სუროვიკინი 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე მეთაურობდა რუსეთის ჯარებს უკრაინაში. მის სახელს უკავშირდებოდა უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე იერიშის მიტანა და ჯარების გაყვანა ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან. 2023 წლის იანვარში სუროვიკინი გადაიყვანეს მთავარსარდლის მოადგილის თანამდებობაზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაქვემდებარებაში.

უკრაინაში რუსული დაჯგუფების ყოფილი მეთაური ორ თვეზე მეტია არ გამოჩენილა საზოგადოებაში. ბოლო საჯარო განცხადება სუროვიკინმა გააკეთა 24 ივნისს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხის დროს. The New York Times-ი, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ამბოხის შესახებ. ამბოხის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სუროვიკინი „ვაგნერელებს“ მოუწოდებდა მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას.

რუსული მედია და სხვადასხვა ტელეგრამარხები იტყობინებოდნენ, რომ ამბოხის ჩაშლის შემდეგ სუროვიკინს ფაქტობრივად შეეზღუდა თავისუფლება, მაგრამ იმყოფებოდა არა წინასწარი დაკავების იზოლატორში, არამედ შინაპატიმრობაში. ითქვა, რომ ის დაკითხეს ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული კამპანიის ორგანიზებაში შესაძლო მონაწილეობის საკითხზე. 4 სექტემბერს ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სუროვიკინის ფოტო. რუსი გენერლის გათავისუფლების შესახებ New York Times-მაც დაწერა ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით.