დღეს დილით აფეთქებები იყო ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „აღკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა 17 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“.
სამინისტროს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიის და ყირიმის თავზე „გაანადგურეს" 9 დრონი, ხოლო 8 „გზად დაიჭირეს“.
რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები კერძო სახლებს დაეცა დასახლებულ პუნქტებში, ორლოვკასა და ანდრეევკაში. რაზვოჟაევის თანახმად, მძიმედ დაიჭრა 1 ადამიანი. სხვა შედეგების შესახებ ე.წ. გუბერნატორი არაფერს იუწყება.
ანექსირებულ ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს.
ასევე ნახეთ
უკრაინელების მიერ ქერჩში დაზიანებული რუსული გემი სავარაუდოდ, რაკეტმზიდი „ასკოლდია“უკრაინას კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში განთავსებული რუსული სამხედრო ობიექტები. ამ თვის დასაწყისიდან ყველაზე მასშტაბური შეტევა 4 ნოემბერს განხორციელდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რაკეტებით დაარტყეს ქერჩის გემთმშენებელ ქარხანა „ზალივს“.