ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს ღაზის უმსხვილესი ალ-შიფის საავადმყოფოს პერსონალს ჩვილების ევაკუაციაში. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში საწვავი გათავდა ბოლო მოქმედ გენერატორშიც. ორი ახალშობილი გარდაიცვალა და კიდევ ათეულს საფრთხე ემუქრება.
"ჩვენ პირდაპირ და რეგულარულად ვსაუბრობთ საავადმყოფოს პერსონალთან. ალ-შიფის საავადმყოფოს პერსონალმა ითხოვა, რომ ხვალ დავეხმაროთ პედიატრიული განყოფილებიდან ბავშვების უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში გადაყვანაში. ჩვენ საჭირო დახმარებას გავუწევთ", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.
ალ-შიფა ქალაქ ღაზაში უმსხვილესი საავადმყოფოა. როგორც საავადმყოფოს მედიკოსთა ჯგუფმა აღნიშნა, ამ საავადმყოფოში ელექტროენერგიის გათიშვის გამო ორი დღენაკლული ჩვილი დაიღუპა. მათივე თქმით, საავადმყოფოში მყოფი 37 დღენაკლული ჩვილის სიცოცხლე "რეალური საფრთხის ქვეშაა".
ისრაელის არმია უარყოფს, რომ ცეცხლი მათ გაუხსნეს საავადმყოფოს. დანიელ ჰაგარის სიტყვებით, ისრაელი „არ ურტყამს საავადმყოფოებს“. ის ამბობს: „ჩვენ ვებრძვით ტერორისტებს, რომლებიც ირჩევენ ბრძოლას შიფის ჰოსპიტალთან ახლოს“.
ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მისი კიდევ ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა ბრძოლაში, რითაც 42-მდე გაიზარდა ისრაელის სახმელეთო ოპერაციაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ღაზის სექტორში.
დანიელ ჰაგარიმ შაბათს საღამოს გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ „ჰამასი“ კარგავს კონტროლს ჩრდილოეთ ღაზაზე, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები (მისი ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 200 000), ტერორისტული ჯგუფის „ინსტრუქციების საწინააღმდეგოდ“, ტოვებენ ტერიტორიას.
ასევე ნახეთ
ინტენსიური შეტაკებების ფონზე ჩაბნელდა ღაზის მთავარი საავადმყოფო