ბაიდენს სურს აშშ-ჩინეთს შორის სამხედრო კავშირების აღდგენა

ფოტო არქივიდან. აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის (მარჯვნივ)და სი ძინპინის პირველი, პირისპირ შეხვედრა 2022 წლის ნოემბერში გაიმართა კუნძულ ბალიზე, G20-ის ლიდერთა სამიტის ფარგლებში

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს ჩინეთთან სამხედრო კავშირების აღდგენა. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განუცხადა ტელეკომპანიებს, CNN-ს და CBS-ს. ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს შორის კონტაქტების აღდგენა იქნება უმთავრესი თემა შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერების, ჯო ბაიდენის და სი ძინპინის შეხვედრაზე, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში.

ჯეიკ სალივანის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს შორის კავშირების აღდგენა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება და კომუნიკაციის არხები საჭიროა, რათა არ მოხდეს შეცდომები და გაუგებრობები. სალივანის თქმით, სამხედრო კავშირის არხები ჩინეთმა გაწყვიტა.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2023 წლის თებერვალში ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს ჩინეთის მზვერავი აეროსტატი. ამ ფაქტის გამო, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გადადო პეკინში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც მხოლოდ 4 თვის შემდეგ შედგა.

ასევე ნახეთ

ცნობილია ამერიკელების მიერ ჩამოგდებული ჩინური აეროსტატის კვლევის პირველი შედეგები

15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში დაგეგმილ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სამხედრო კავშირების აღდგენის გარდა, განიხილავენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ისრაელისა და „ჰამასის“ ომს, რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის კონტაქტებს, ტაივანის საკითხს, ადამიანის უფლებების მდგომარეობას და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და სი ძინპინის პირველი, პირისპირ შეხვედრა 2022 წლის ნოემბერში გაიმართა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტის ფარგლებში.

ასევე ნახეთ

პუტინი გამოვიდა თავდაცვით ტექნოლოგიებში ჩინეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მოწოდებით