პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციის მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვის შეგნებულად შეფერხებაში დაადანაშაულა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა პარლამენტში როიალის საჭიროებაზე. პიანისტი პარლამენტარი ამ საკითხს მას შემდეგ შეეხო, რაც რომან გოცირიძემ თქვა, რომ ელისო ბოლქვაძე უკვე სამი წელია ითხოვს პარლამენტში როიალის დადგმას და ესეც კი ვერ უზრუნველყო "ქართულმა ოცნებამ."
„ძალიან ბევრი სპეკულაციებია ამ როიალის დადგმასთან დაკავშირებით. როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“, - თქვა ელისო ბოლქვაძემ ამ რეპლიკის პასუხად.
როიალის ხსენებამდე რომან გოცირიძე ითხოვდა, პარლამენტს განეხილა მის მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს მორატორიუმის გამოცხადებას რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე.
“ორიოდე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩვენი კანონპროექტი თურმე, რომელიც სამი თვით იყო გადავადებული, კვლავ ორი თვით გადავადებულა. ჩვენ შემოვიტანეთ რეზოლუციის პროექტი იმის თაობაზე, თუ როგორ არღვევს კონსტიტუციას პარლამენტი და საპროცედურო ხრიკებით როგორ ბლოკავს ოპოზიციის კანონპროექტებს. ეს რეზოლუცია სასწრაფოდ უნდა გავიდეს და ნუ შეაფერხებთ! 172 კანონპროექტი წარმოადგინა ოპოზიციამ და აქედან 157 არის გაჩერებული", - თქვა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე. მას დეპუტატ ხატია დეკანოიძესთან ერთად რამდენიმე ინიციატივა აქვს დარეგისტრირებული, რომლებიც, გარდა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვის დაწესებისა, შეეხება ქონების გადასახადის ცვლილებას და სხვა საკითხებს. ბიუროს სხდომაზე რომან გოცირიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ინიციატივებს იურიდიულ კომიტეტზე აფერხებს კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
"ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ: კანონპროექტი როცა „ევროოპტიმისტებმა“ დავარეგისტრირეთ, მხოლოდ 8 ათასი ბინა ჰქონდათ ნაყიდი, დღეს უკვე არის 13 ათასი. ზღვის სანაპიროებზე კი არ ყიდულობენ, სოფლებსაც მოედნენ. რუსეთის მოქალაქეებმა 24 ათასი იურიდიული პირი შექმნეს. 12 ათასი ბინა იყიდეს. 12 ათას ბინაში ორი ადამიანი რომ ჩასახლდეს, ეს არის 24 ათასი, ხაშურზე დიდი ქალაქია ეს. ასევე მეორე კანონპროექტი გადაგივადებიათ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო ბინადრობის უფლების შეზღუდვას ეხებოდა. ეს არის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ბოლოს იტალიამ გააკეთა და სიტყვა-სიტყვით გადმოვწერეთ ეს კანონპროექტი. რატომ არ იხილავთ, ხომ არ გეუბნებით რომ მიიღეთ? იმიტომ არ იხილავთ, რომ არ გინდათ მოქალაქეებმა გაიგონ. შეწყვიტეთ კონსტიტუციის დარღვევა!" - უთხრა რომან გოცირიძემ კოლეგებს.
ასევე ნახეთ
მე დაგეხმარებით მომგებიანად დააბანდოთ ფული - რუსი ბროკერები ქართული უძრავი ქონების ბაზარზეელისო ბოლქვაძემ პარლამენტში როიალის დადგმის აუცილებლობაზე პირველად 2020 წელს განაცხადა, როცა "ქართული ოცნების" სიით დეპუტატი გახდა.
„ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და ამაზე ვიფიქროთ. მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი“, - თქვა ელისო ბოლქვაძემ საპარლამენტო საქმიანობის დასაწყისში.
ასევე ნახეთ
საქართველოს პენ-ცენტრი იუნესკოს: ელისო ბოლქვაძე არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსს