რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ცვლილებებს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების კანონში, რომელიც შესაბამისობაში მოვიდა ფედერალურ კანონთან "მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ".
დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, განმარტავს საომარი მდგომარეობის დროს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პროცედურას. კერძოდ, ცესკომ შესაძლოა არჩევნები გადადოს, თუ მისი მომზადება და ჩატარება რუსების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს.
საომარი მდგომარეობა ამჟამად გამოცხადებულია რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიაზე. რუსეთის ფედერაციის კანონის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, თავდაცვის სამინისტროსთან და "ეფესბესთან" კონსულტაციების შემდეგ. ასევე ნებადართულია ხმის მიცემა როგორც მთელ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მდგომარეობაა დაწესებული, ასევე მხოლოდ მის ნაწილში.
ცვლილებები ასევე ეხება დაბლოკილ რესურსებზე საარჩევნო აგიტაციის აკრძალვას და ასევე იმ მედიის წარმომადგენელთა დაშვებას საარჩევნო კომისიების სხდომებზე, რომლებიც მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობენ.
გარდა ამისა, ცვლილებებით იკრძალება ფოტო-ვიდეოგადაღება სამხედრო ნაწილებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე. ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლების მიერ, დანაყოფის მეთაურთან კონსულტაციის შემდეგ.