ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შესახვედრად ბაქოში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი მეზობელ ქვეყანაში პრეზიდენტის მიწვევით ჩადის.

ასევე ნახეთ

ბაქო ანაკლიის პორტით ინტერესდება: აზერბაიჯანი და საქართველო „შუა დერეფანში“

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება SPECA-ს (გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის) ეკონომიკურ ფორუმს. SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.

ასევე ნახეთ

საქართველოს გავლით - ევროპის ახალი ენერგეტიკული მარშრუტები

"ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს", - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

ასევე ნახეთ

„თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები“ - ღარიბაშვილი და ალიევი ფაშინიანს თბილისში იწვევენ

7-წლიანი პაუზის შემდეგ, ალიევი საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2022 წლის ოქტომბერში ეწვია. მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობა ალიანსის დონეზეა, თანამშრომლობას კი აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე ორმხრივი ფორმატის ხასიათი.

ასევე ნახეთ

ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში კიდევ 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩავიდა და ილჰამ ალიევს შეხვდა. მოგვიანებით, 8 ოქტომბერს, საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია.

ასევე ნახეთ

ფრანგული იარაღი სომხეთს საქართველოს გავლით - რა შეიცვალა?