ჰერჩინსკი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე გამოწვევებს გვახსენებს, გასაკეთებელი ჯერ ბევრია

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის მისია საქართველოში, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ვიდეომიმართვას ავრცელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

ვიდეოში ელჩი საქართველოს ახსენებს, რომ "კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი". ის აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროგრესის ნაწილად მიიჩნევს ანტიკორუცფიული ბიუროს შექმნას და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას, თუმცა ამბობს, რომ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია".

"კორუფცია ყველა ქვეყანას ეხება. ის ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას, ანელებს ეკონომიკურ განვითარებას და ზრდის არასტაბილურობას.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა შეგვახსენებს ამ გამოწვევების არსებობას და მათ გადასაჭრელად გაწეულ ძალისხმევას. საქართველო ამ ძალისხმევის ნაწილია", - ამბობს ელჩი 9 დეკემბერს გავრცელებულ მიმართვაში.

კორუფციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც". ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება მაღალ დონეზე კორუფცია.

"კონკრეტული ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარებასთან ერთად ვერ მოხდა ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდებოდა ელიტურ კორუფციას. ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სადაც სულ უფრო მეტი კითხვა ისმის სახელმწიფო მიტაცებასა და კლეპტოკრატიაზე", - აღნიშნავს ორგანიზაცია.