რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ კარბაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 43 წლის კაცი ე.წ. სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს და მიყენებული ტრავმებით ის კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის რძალი, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, ამბობს, რომ თემურ კარბაია სამმა ე.წ. მილიციელმა რამდენიმე დღის წინ დააკავა ოკუპირებულ ქალაქ გალში და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოგვიანებით კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. თემურ კარბაია 9 დეკემბერს, ღამით გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება - დაჟეჟილობა და მოტეხილობა.
„ყველგან აქვს დაზიანებები. განადგურებულია, ნეკნები, გვერდები, ძვლები დამტვრეული აქვს... ფაქტი გუშინწინ მოხდა. ამის შემდეგ კომაში იყო და გუშინ ღამე გარდაიცვალა საავადმყოფოში... ჯერჯერობით სხვა არაფერი ვიცით. არ ვიცი, ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა ცხედარს...გამოძიება თუ დაიწყო, არც ეს ვიცით. ქუჩაში მიდიოდა და დააკავეს. მარტო ეს ვიცით. სამი ადამიანი სცემდაო“, - უთხრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს თემურ კარბაიას ძმისცოლმა.
დააკავეს თუ არა ინციდენტში მონაწილე ე.წ. სამართალდამცავები, უცნობია. ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი მედია მომხდარის შესახებ ცნობებს ჯერჯერობით არ ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი. გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი“.
43 წლის თემურ კარბაიას გარდაცვალებას X პლატფორმაზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:
„ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა - ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. მწუხარე 75 წლის იუბილე!“
The brutal beating by local militia resulting in the death of another Georgian citizen, Teymur Karbaia, in occupied Abkhazia- is a tragic reminder of the blatant violations of elementary Human rights in the territories occupied by Russia. Sad 75th anniversary!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 10, 2023
ინფორმაცია გალის ე.წ. მილიციელების მიერ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ ცემის შესახებ თავდაპირველად 9 დეკემბერს, ღამით გავრცელდა სოციალურ ქსელში. თემურ კარბაია გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი იყო. მოკლულის ძმა, ჯუმკა კარბაია კი ოჯახთან ერთად წლებია ზუგდიდში ცხოვრობს.