რუსეთიდან დეპორტირებულნი იქნებიან სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც პეტერბურგში მარადიული ცეცხლი ჩააქრეს

რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯარისკაცების სამარხების წაბილწვა.

სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც პეტერბურგის კრასნოსელსკის რაიონში მარადიული ცეცხლი ჩააქრეს, მშობლებთან ერთად რუსეთიდან დეპორტირებული იქნებიან. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება „ნასტოიაშჩეე ვრემია“.

უწყების ინფორმაციით, 10 და 14 წლის ბიჭების ოჯახები რუსეთში იმყოფებოდნენ საჭირო დოკუმენტების გარეშე. ყველა მათგანი უზბეკეთის მოქალაქეა.

"პოლიცია ამზადებს მასალებს სასამართლოსთვის რუსეთის ფედერაციიდან ორივე ოჯახის გაძევების შუამდგომლობით. მომხდართან დაკავშირებით, პოლიციის შემოწმების მასალები, ასევე თავად მოზარდები და მათი მშობლები საგამოძიებო ორგანოებს საპროცესო მოქმედებებისთვის გადაეცათ", - აცხადებენ სამართალდამცველ ორგანოებში.

ინციდენტი კრასნოე-სელოში 10 დეკემბერს მოხდა. ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ორი მოზარდი, რომლებმაც მარადიული ცეცხლი თოვლით ჩააქრეს, შემდეგ კი გაიქცნენ. მოგვიანებით პოლიციამ ორივე დააკავა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება დევნის მათ, ვინც" შეურაცხყოფს" მარადიულ ცეცხლს. ნოემბრის შუა რიცხვებში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ვოლგოგრადის ორი მაცხოვრებლის წინააღმდეგ, რომლებმაც მარადიული ცეცხლიდან სიგარეტებს მოუკიდეს.

რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯარისკაცების სამარხების წაბილწვა.