სახელმწიფო პარტიის ფერებში - როგორ გალურჯდა ქვეყანა

Your browser doesn’t support HTML5

როგორ გალურჯდა ქვეყანა

საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ვიზუალურ კომუნიკაციაში ჭარბად გამოიყენება მუქი ლურჯი ფერი - ეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ფერია.

თითქმის ყველა პოსტს თუ ვიდეოს, რომლებიც სოციალურ ქსელებში საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდებზე ქვეყნდება, ფონად ლურჯი ფერი ან ლურჯად ნაწერი ტექსტი მიჰყვება.

ლურჯი ფერი ჭარბობს საქართველოს ხელისუფლების მიერ გამართულ ღონისძიებებსა და სახელმწიფო უწყებების საინფორმაციო პოსტერებზე.

ლურჯია მეტროს სკამები განახლებულ მატარებლებში, ლურჯია სკვერებსა და ეზოებში მერიის მიერ დადგმული ტრენაჟორები, ლურჯი ფერისაა ავტობუსებისა და ნაგვის ურნების ნაწილი თბილისის ქუჩებში, გზის მანიშნებლების ფონი და განათება განახლებული პარკების შადრევნებსა და სახელმწიფო უწყებების შენობებზე.

თბილისის მეტროს მატარებლის ვაგონი

ლურჯი ფერის ბანერების ფონზე საუბრობენ სახელმწიფო მოხელეები საჯარო შეხვედრებსა და ჟურნალისტებთან პრესკონფერენციებზე. ლურჯია მისალოცი ბარათები, რომლითაც სახელმწიფო უწყებები რელიგიურ თუ საერო დღესასწაულებს ულოცავენ მოსახლეობას.

„ამ მოვლენას პარტია-სახელმწიფოს სიმბიოზი შეიძლება ეწოდოს და აღიქმება სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლის მცდელობად. ეს ფენომენი გვხვდება ისეთ ქვეყნებში, სადაც ერთი პარტია ხანგრძლივად იმყოფება ხელისუფლების სათავეში. ამ გზით მმართველი პარტია შეიძლება ცდილობდეს კონტროლის შენარჩუნებას, პლურალიზმის შეზღუდვას, ძალაუფლების კონსოლიდაციას და მოსახლეობაში ლოიალობის განცდის განმტკიცებას“, - მყისიერად პასუხობს ChatGPT-ი, ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტი, თუკი მას ჰკითხავთ, რას ნიშნავს, თუკი მმართველი პარტიის ფერი ჩნდება ან დომინირებს სახელმწიფო უწყებების კომუნიკაციასა და სიმბოლიკაში.

ხელოვნური ინტელექტი იქვე ჩამოთვლის ქვეყნებს, სადაც პარტიასა და სახელმწიფოს ერთი ფერი აქვს. მაგალითად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელსაც კომუნისტური პარტია მართავს, ეროვნული დროშაც წითელია, ჩრდილოეთ კორეაში კი, გარდა ფერისა, მმართველი „მშრომელთა პარტიის“ სიმბოლიკიდანაა აღებული ქვეყნის დროშაზე გამოსახული ვარსკვლავი.

პერფორმანსი ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან მეასე წელს; პეკინი, 28 ივნისი, 2021 წელი.

ასე იყო ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირში. ერთგან ჰიტლერის მოძრაობის სიმბოლო სვასტიკა და მეორეგან კომუნისტური პარტიის სიმბოლოები, ნამგალი და ურო, ღრმად შეიჭრა და გახდა სახელმწიფო სიმბოლიკის ნაწილი.

საქართველოში ტოტალიტარული იდეოლოგიების, ფაშიზმისა და კომუნიზმის სიმბოლოების საჯარო სივრცეებიდან აღმოფხვრის გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე 2011 წელს მიიღო სახელმწიფომ.

საქართველოს პარლამენტის შენობაზე გამოსახული ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც იყო საბჭოთა რევოლუციის, სოციალიზმისა და საბჭოთა სამხედრო პოტენციალის სიმბოლო; 2012 წელი

„ზოგადად, სახელმწიფო და პარტია რომ სხვადასხვა რამეა, მაგის გაგება პოლიტიკურადაც ჭირს. როგორც იმის გაგება უჭირთ, რატომ არ უნდა გააკეთოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კომენტარი, მაგალითად, ვიღაცის დაჭერაზე ან ციხიდან გათავისუფლებაზე, ასე უჭირთ იმის გაგებაც, რატომ არ უნდა ააწყონ სახელმწიფოს ვიზუალური იდენტობა პარტიის ვიზუალურ იდენტობაზე. ალბათ ფიქრობენ, რა პრობლემაა, სხვა მოვა და მერე იმას თუ მოუნდება, თავის გემოზე შეცვალოსო“, - ამბობს დიზაინერი აკაკი რაზმაძე.

სახელმწიფო უწყებების "ქავერები" ფეისბუკის გვერდებზე

ვიზუალური იდენტობა ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილია, ბრენდინგი კი აყალიბებს იმ აღქმებს, რაც ადამიანებს უჩნდებათ ამა თუ იმ ორგანიზაციის, კომპანიისა თუ ცალკეული პროდუქტის მიმართ. სახელმწიფო უწყებების ვიზუალურ იდენტობაში ამოსავალი წერტილი, როგორც წესი, სახელმწიფო სიმბოლიკებია, დროშა და გერბი. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ისტორიული კონტექსტი და იმ სფეროს სპეციფიკა, რომელზეც უწყებაა პასუხისმგებელი.

2012 წლამდე, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, პარტია კი სიმბოლიკაში წითელ ფერს იყენებდა, წითლის ვარიაციები ჭარბობდა სახელმწიფო უწყებების ვიზუალურ კომუნიკაციაშიც.

მთავრობის სხდომათა დარბაზი 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ - დღეს ეს ფონი ნეიტრალური ფერისაა, კრემისფერი.

„ეს მაინც სხვა ამბავია“, - ამბობს ისტორიკოსი, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე. წითელი ფერის დომინაციას ის საქართველოს დროშის წითელი ჯვრებითაც ხსნის.

თეთრი დროშა ერთი წითელი დიდი ჯვრითა და ოთხი ბოლნურ-კაცხური ჯვრით საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო, 2004 წლის იანვრიდან, ვარდების რევოლუციის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ გახდა, ახალ ჰიმნსა და გერბთან ერთად.

სახელმწიფოს გერბი, სადაც გამოსახულნი არიან ოქროსფერი ლომები და წითელ ფონზე წმინდა გიორგი, ბოლო დროს, ხშირად მხოლოდ ლურჯ ფონზე და ლურჯი კონტურითაა გამოსახული სახელმწიფო უწყებების ღონისძიებებზე, ბარათებსა და სოციალურ ქსელებში განთავსებულ ბანერებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რიკოთის მაგისტრალური გზის 27-კმ-იანი მონაკვეთის გახსნისას. ტრიბუნაზე გამოსახულია გერბი სწორედ ლურჯი კონტურით და ლურჯო ფონი აქვს წმინდა გიორგისაც.

ცირა გვასალიამ, სწორედ გერბზე „გალურჯებულ“ წმინდა გიორგის მიაქცია ყურადღება გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუკის გვერდზე. ჟურნალისტი ძირითადად ჯანდაცვისა და ეკოლოგიის თემებზე მუშაობს და ყოველდღიურად ადევნებს თვალს გარემოს დაცვის სამინისტროს და მასთან დაკავშირებული უწყებების გვერდებს ციფრულ პლატფორმებზე.

ზაფხულის მიწურულს ცირამ შენიშნა, რომ საველე სამუშაოების ამსახველი ფოტომასალის ნაცვლად სააგენტომ „ლურჯი წმინდა გიორგი“ დაურთო იმ ტექსტს, სადაც შოვის სტიქიის ზონაში სინჯების აღებაზე იყო საუბარი.

„ამ უწყების გვერდზე ახლდებოდა ინფორმაცია შოვის ტრაგედიაზე, რომელიც ამ წლის აგვისტოში მოხდა. შევამჩნიე, რომ როდესაც იდებოდა ინფორმაცია, მაგალითად, იმის შესახებ, რომ სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები გავიდნენ ველზე ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების მოსაპოვებლად, თან ერთვოდა ვიზუალად წმინდა გიორგის ლურჯად შეფერადებული გამოსახულება. ძალიან გამიკვირდა, ვერ მივხვდი, რა კავშირშია ეს გამოსახულება იმ ტექსტთან, რომელთან ერთადაც ქვეყნდებოდა“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

გარემოს ეროვნული სააგენტო ერთადერთი უწყება არ არის გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურიდან, რომელიც "გალურჯდა"

ცირა გვასლიამ კანონმდებლობაშიც მოძებნა გერბის გამოყენების შესახებ ჩანაწერები.

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესი ითვალისწინებს და დასაშვებად მიიჩნევს სახელმწიფო გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გარეშე (კონტურით) გამოსახვას.

ამის მიუხედავად, ცირას მაინც არ ესმის, რატომ დაემსგავსა ერთმანეთს სახელმწიფო უწყებების გვერდები სოციალურ ქსელებში, მაშინ როცა ყველა სახელმწიფო უწყებას აქვს საკუთარი ლოგო და ფერები.

„ახლაც, რომ დააკვირდეთ ამ სააგენტოს გვერდზე, პროფილის სურათადაც კი ეს წმინდა გიორგი დაგხვდებათ და არა მხოლოდ აქ, სახელმწიფო უწყებების გვერდების უმეტესობაზე მათი ლოგოები ამ ვიზუალით [ლურჯი წმინდა გიორგით] არის ჩანაცვლებული“, - ამბობს ცირა გვასალია, რომელმაც კითხვითაც მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფოს გერბის ასეთი გამოყენების მიზეზებზე, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ცირა დარწმუნებულია, რომ „სახელმწიფო სიმბოლიკა არ უნდა დაკნინდეს და არ უნდა დავიდეს რომელიმე პარტიის ბრენდულ ფერამდე“.

ეს არის სახელმწიფო ღირსების ამბავი, რომელიც ნებისმიერ პარტიაზე მაღლა დგას, ჩვენი იდენტობის ნაწილია და უნდა იყოს ხელშეუხებელიო, ამბობს და თან ამატებს, რომ ერთგვაროვანია არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების ვიზუალური იდენტობა სოციალურ ქსელებში, არამედ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი, ტონი და კომუნიკაციის სტილიც.

ლურჯი ფერი „ქართული ოცნების“ გარდა, ევროკავშირისა და ნატოს დროშების ფერიცაა, თუმცა საქართველოში ბოლო წლებია მოხშირდა ანტიდასავლური განწყობების მქონე ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვის ან ჩამოხსნის შემთხვევები.

ასევე ნახეთ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა ევროკავშირის დროშები დაწვეს

2023 წლის მაისში ხელისუფლება კრიტიკის სამიზნე გახდა იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო გაფორმებაში, წინა წლებისგან განსხვავებით ევროკავშირის დროშა არ გამოიყენა.

„ლურჯი ფერი სერიოზულობის ნიშანია, სტაბილურობის, სიმშვიდის სიმბოლოა, ნდობის აღმძვრელ ფერად ითვლება - ასე რომ, თავის დროზეც, როცა ლურჯი ფერი აირჩიეს, ეს ყველაფერი იყო ჩადებული და ახლაც, როცა თურმე ყველაფერი ლურჯდება, რასაკვირველია, მიზანი არის, რომ ეს ფერი გახადონ უფრო საცნობი და ამ ფერთან ასოცირებული პარტია უფრო მიმზიდველი გახდეს. თავისთავად საინტერესოა, როგორ აჩვევენ საზოგადოებას ამა თუ იმ ფერს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლაშა ბაქრაძე. ის განმარტავს, რომ მყიფე ზღვარი სახელმწიფოსა და მთავრობას შორის, საბჭოთა კავშირში ხანგრძლივად ცხოვრების შედეგია, სადაც სახელმწიფო ტოტალურად იყო შერწყმული პარტიასთან.

„გასაკვირი არ არის, რომ უმრავლესობის პარტია სახელმწიფოს აღიქვამს მის პარტიულ ტერიტორიად, თუმცა სამწუხაროა“, - ამბობს ბაქრაძე.

საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ლოკალური და საერთაშორისო ღონისძიებები 2023 წელს.

„რაღაც ეტაპზე ეგ იქნებოდა გააზრებული, როგორც მაგალითად პარლამენტის გადმოტანა უკან თბილისში იყო გააზრებული და ვერავინ ვერ იტყვის, რომ გაუაზრებლად გადმოიტანეს. ასე იყო, სავარაუდოდ, წითლის ჩანაცვლებაც ლურჯი ფერით, მაგრამ ახლა უკვე შეიძლება გარკვეულწილად თვითდინებითაც მიდის ეს პროცესი და სადმე დუშეთში ან ლანჩხუთში მუნიციპალური გვერდების ადმინს არავინ აძლევს ყველაფრის ლურჯ ფერში გაკეთების დავალებას, მაგრამ მან უკვე თვითონაც იცის, მითითების გარეშე, რომ ასე უნდა მოიქცეს“, - ამბობს აკაკი რაზმაძე და როცა პოლიტიკური პროცესი პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება, ვიზუალური კომუნიკაცია მხოლოდ მმართველი პარტიის ფერის გამოყენებას არ გულისხმობსო, ამატებს:

„იმის მიხედვით, რა სჭირდებათ, ფერები იცვლება. ხომ ვამბობთ, რომ ყველაფერი გადალურჯებულია, მაგრამ მაგალითად თბილისში ავტობუსები არის მწვანე იმის ფონზე, რომ სულ ისმის ლაპარაკი, როგორ გვართმევენ მწვანე სივრცეებს და თბილისი რეკრეაციული სივრცეების სიმწირეს განიცდის. ლურჯი ფერის ავტობუსების მწვანე ფერით ჩანაცვლების მიზანი იდეაში იმის თქმა იყო, რომ თბილისი არის სიმწვანის ქალაქი - საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკას ერგება ხოლმე, რა გვაძლევს ხელს, იქიდან გამოვიდეთ. რა თქმა უნდა, როცა ასე ხდება ფერების არჩევა, არ არის სწორი გადაწყვეტილება“.

თბილისის ლურჯი და მწვანე ავტობუსები

აკაკი რაზმაძე იხსენებს ბერლინის მეტროს მატარებლებისთვის ფერის არჩევის პროცესს, როდესაც არჩევანი ყვითლის სასარგებლოდ საარქივო მასალების კვლევის საფუძველზე გაკეთდა. მისი აზრით, სწორედ ამგვარი მიდგომაა სწორი, როცა პოლიტიკურ ვიზუალიზაციაშიც და ურბანულ დიზაინშიც იმ ადგილის სპეციფიკას, კონტექსტსა და ისტორიას ენიჭება მნიშვნელობა და არა კონკრეტული პარტიის ინტერესებს.

ვაკის პარკი რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ. წლების შემდეგ აღდგენილ შადრევანში ლურჯი ფერის ნათებაა. 12 ოქტომბერი, 2022 წელი

„არსებობს ნაციონალური ფერის ცნებაც, როგორიც, მაგალითად, ჰოლანდიაში არის სტაფილოსფერი და ირლანდიაში მწვანე. შეერთებულ შტატებში თვალშისაცემია წითლისა და ლურჯის კომბინაცია, რომლებსაც ორი მთავარი პარტია იყენებს და დომინანტი სიმბოლოა ვარსკვლავი. ჩვენთან ასე ჩამოყალიბებული არ არის, ერთი მხრივ, ბევრი სიმბოლო გვაქვს, ლომები, ბორჯღალი და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთშია არეული და სახელმწიფო ბრენდინგი მოწესრიგებულად არ გვაქვს“, - ეუბნება რაზმაძე რადიო თავისუფლებას. მისთვის, სახელმწიფო უწყებების, ხშირად ცვალებადი და როგორც თვითონ ამბობს, პოლიტიკური გავლენებისგან არათავისუფალი „გარეგნობა“ იმის ილუსტრაციაცაა, რომ ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები ჯერაც მყიფე და ხშირად პარტიული ინტერესის გამტარია.