Reuters-ი: ჰამასი უარზეა, ღაზაში ძალაუფლება დათმოს სამშვიდობო გეგმის სანაცვლოდ

აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულმა ჰამასმა და „ისლამურმა ჯიჰადმა“ არ მიიღეს ეგვიპტის წინადადება, ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის სანაცვლოდ უარი თქვან ღაზაში ძალაუფლებაზე.

ამის შესახებ ცნობა ეგვიპტის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლის ნათქვამზე დაყრდნობით გაავრცელა Reuters-მა. სააგენტოს თანახმად, ეგვიპტე, რომელიც შუამავლობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის, გამოვიდა არჩევნების მოწყობის წინადადებით, იგი ასევე არწმუნებდა ჰამასს, რომ მისი წევრების დევნა და პასუხისგებაში მიცემა არ მოხდება.

პალესტინელთა დაჯგუფებების წარმომადგენლებმა უარყვეს ყველანაირი დათმობა, გარდა 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლებისა, ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გამოშვების სანაცვლოდ - იტყობინებოდა Reuters-ი. პალესტინურმა მხარემ სააგენტოს უთხრა, რომ მოითხოვენ ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას ღაზის მოსახლეობისთვის. ამასთან, „ისლამური ჯიჰადს“ სურს, რომ პატიმრების გაცვლა მოხდეს პრინციპით „ყველა ყველაზე", რაც გულისხმობს ისრაელის ციხეებიდან ყველა პალესტინელის გათავისუფლებას, ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.

ბოლო მონაცემებით, ისრაელიდან 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების რიცხვი 130-ს უდრის.

პრესაში გავრცელდა ეგვიპტის მიერ შეთავაზებული წინადადებების შესახებ ინფორმაცია. გეგმა მოიცავს ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას და ჰამასის 40 მძევლის (ქალები, ბავშვები და მოხუცები) გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან 120 პალესტინელი პატიმრის გაშვების სანაცვლოდ. გარდა ამისა, კაიროს გეგმების მიხედვით, უნდა შეიქმნას პალესტინის გარდამავალი მთავრობა, რომელიც გააკონტროლებს როგორც იორდანეს დასავლეთ ნაპირს, ასევე ღაზის სექტორს და გზას გაუხსნის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. გეგმის მესამე პუნქტი მოიცავს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, სამხედრო პერსონალის ჩათვლით ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას იმ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, რომლებიც დაკავშირებული არიან ჰამასთან და "ისლამურ ჯიჰადთან". მოსალოდნელია, რომ ამ ეტაპზე ისრაელი გაიყვანს ჯარებს ღაზის სექტორიდან და რეგიონის დევნილ მოსახლეობას დაბრუნების საშუალებას მისცემს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 25 დეკემბერს ღაზას ეწვია. პრემიერის სიტყვებით, ის შეხვდა სამხედროებს და დაარწმუნა, რომ ისრაელი გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას ჰამასის წინააღმდეგ ღაზაში, დაჯგუფების განადგურებამდე.

ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ფონზე, ისრაელის არმიამ დარტყმა მიაყენა სირიის დედაქალაქ დამასკის გარეუბანს, რის შედეგად მოკლულია ირანის მაღალი რანგის ოფიცერი, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" წევრი რაზი მუსავი. როგორც სააგენტო "თასმინი" იტყობინება, ის იყო აშშ-ის მიერ ერაყში მოკლული ირანელი გენერლის, ყასიმ სულეიმანის თანამებრძოლი. "გუშაგთა კორპუსი" შურისძიებით დაიმუქრა. ისრაელს სირიაში თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი. ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 20 ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.