თეირანი აცხადებს, რომ 3 იანვრის ტერაქტის მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა

ქერმანში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლის დასაფლავება. 5 იანვარი, 2024 წელი

ირანში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, რომლისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“, 91 ადამიანი დაიღუპა, - იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია 6 იანვარს.

ცნობით, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა მას მერე, რაც ორი ადამიანი გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად.

ირანის ქალაქ ქერმანში ორი აფეთქება მოხდა ერთმანეთის მიყოლებით 3 იანვარს, სასაფლაოსთან, სადაც შეკრებილი იყო დიდი რაოდენობით ხალხი ყასემ სოლეიმანის მოკვლიდან ოთხი წლისთავის აღსანიშნავად. სულეიმანი, ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსის გენერალი, 2020 წლის 3 იანვარს აშშ-ის დრონით მოკლეს ერაყში.

„დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 91-ს მას მერე, რაც ორი ადამიანი, ერთ-ერთი ბავშვია, საავადმყოფოში გარდაიცვალა მიღებული ტრავმების გამო“, - მოჰყავს სააგენტო IRNA-ს ჯანმრთელობის დაცვის უწყების წარმომადგენლის ნათქვამი.

ირანმა მომხდარში დაადანაშაულა აშშ და ისრაელი. ორივე სახელმწიფო უარყოფს ტერაქტთან კავშირს.

პასუხისმგებლობა მომხდარისთვის იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელსაც ტერაქტის გარშემო სხვა ცნობა არ გაუვრცელებია.