სამხრეთ კორეაში აიკრძალება ძაღლის ხორცის გამოყენება

საილუსტრაციო ფოტო. ძაღლების ფერმა სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, აიკრძალება ძაღლების მოშენება და დახოცვა საკვებად მათი ხორცის გამოყენების მიზნით. შესაბამისად, პარლამენტმა გადაწყვიტა დაასრულოს ქვეყანაში დამკვიდრებული მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელსაც ბოლო ხანს სულ უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, განსაკუთრებით ახალგაზრდა კორეელებში.

ახალი კანონით, რომელსაც ხელს პრეზიდენტი მოაწერს, საკვებად გამოყენების მიზნით ძაღლის მოკვლა დაისჯება სამ წლამდე პატიმრობით, ან დაახლოებით 23 ათასი დოლარის ჯარიმით. ორ წლამდე ვადით პატიმრობა და ჯარიმაა გათვალისწინებული მათთვის, ვინც ძაღლებს მოაშენებს საკვებად მათი ხორცის გამოყენების მიზნით.

ძაღლების ფერმების მფლობელებს და რესტორნებს, რომლებიც კერძებს ძაღლის ხორცისგან ამზადებენ, საქმიანობის შესაწყვეტად, ან შესაცვლელად სამწლიანი ვადა მისცეს.

ასევე ნახეთ შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა

სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ძაღლების 1100-მდე ფერმაა, სადაც 500 ათასზე მეტი ძაღლი ჰყავთ.

ტელეკომპანია CNN-ი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის, Gallup-ის გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წელს ძაღლის ხორცს საკვებად იყენებდა კორეელების მხოლოდ 8%. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 27% იყო.

2005-2014 წლებში, მოთხოვნის კლების გამო, მხოლოდ სეულში 40%-ით შემცირდა რიცხვი იმ რესტორნების, რომელთა მენიუში ძაღლის ხორცისგან დამზადებული კერძები იყო.