საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული

სამების საკათედრო ტაძარი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, ლურჯი საღებავი შეასხეს მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც ასევე გამოსახულია სტალინი. ვიდეოკადრები დღეს, 9 იანვარს, არის გადაღებული.

ასევე ნახეთ „მატრონა და სტალინი“ - დარჩება ხატი სამებაში?

რამდენიმე დღის წინ, 6 იანვარს, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რომელიც თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმაც. უცნობია, ვინ არის წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის ხატმწერი.

ასევე ნახეთ სამების ტაძარში ერთ-ერთ ხატზე სტალინია გამოსახული - რა ახსნა აქვს საპატრიარქოს

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

ასევე ნახეთ სტალინი ხატზე - „ხალხების მამა“ და ეკლესია