სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ღაზაში დაღუპული ჟურნალისტების საქმეებს გამოიძიებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 9 იანვარს დაადასტურა, რომ იძიებს ჟურნალისტების წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულებს ისრაელისა და ჰამასის მებრძოლებს შორის ომის დაწყების შემდეგ ღაზაში, სადაც ათობით რეპორტიორი დაიღუპა.

მედიის უფლებების დამცველმა ჯგუფმა "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" (RSF) ნოემბერში განაცხადა, რომ ომის დანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტების დაღუპვის გამო საჩივარი შეიტანა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

"კარიმ ხანის პროკურატურამ ორგანიზაციას განუცხადა, რომ ის პალესტინაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციამ 8 იანვარს. სასამართლომ ეს დაადასტურა განცხადებით, რომ "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის გამოძიება პალესტინის სახელმწიფოში ვითარების შესახებ ეხება სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში 2014 წლის 13 ივნისიდან ჩადენილ დანაშაულებს“.

ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაციის, "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" ცნობით, სულ მცირე 79 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა ომის დაწყებიდან გასული სამი თვის განმავლობაში. მათი დიდი უმრავლესობა პალესტინელია.

"ალ ჯაზირის" ცნობით, 7 იანვარს მანქანაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა მისი ორი პალესტინელი ჟურნალისტი. "ალ ჯაზირის" თანახმად, ჰამზა ვაელ დაჰდუ და მუსტაფა თურია, რომლებიც AFP-ისა და სხვა საინფორმაციო ორგანიზაციებისთვის მუშაობდნენ, დაიღუპნენ "მიზანმიმართული მკვლელობის" შედეგად. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დაარტყა "ტერორისტს, რომელიც მართავდა საფრენ მოწყობილობას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა“ და "იცოდა იმის შესახებ, რომ დარტყმის დროს დაიღუპა ორი სხვა ეჭვმიტანილი, რომლებიც იმავე მანქანაში იმყოფებოდნენ". ჟურნალისტების სიკვდილის ბოლო შემთხვევების შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყებამ განაცხადა, რომ "ღრმად შეშფოთებულია ღაზაში დაღუპული მედიის თანამშრომლების მაღალი რიცხვის გამო".

ომი ღაზაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა (აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ) 7 ოქტომბერს თავდასხმა მოაწყო ისრაელზე. AFP-ის გამოთვლებით, რომლებიც ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, თავდასხმისას დაიღუპა დაახლოებით 1140 ადამიანი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები. ჰამასმა მძევლად აიყვანა 240 პირი. ისრაელმა წამოიწყო საპასუხო იერიში, რომელიც სამი თვეა გრძელდება. ღაზის ჰამასის კონტროლის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, დაღუპულია სულ მცირე 23 210 ადამიანი, უმეტესად ქალები და ბავშვები.