რუსეთში მსჯავრდადებული ყოფილი მერი ომში გაუშვეს

ოლეგ გუმენიუკი

ვლადივოსტოკის ყოფილ მერს, ოლეგ გუმენიუკს, რომელსაც კორუფციის ბრალდებით 12 წელი ჰქონდა მისჯილი, სასჯელის ბოლომდე მოხდა აღარ მოუწევს, რადგან მან ომში წასვლის სურვილი გამოთქვა. როგორც „კომერსანტი“ პატიმრის ადვოკატზე დაყრდნობით იტყობინება, შესაბამისი ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა.

ადვოკატის თანახმად, კონტრაქტის მიხედვით, ოლეგ გუმენიუკი სამხედრო კომისარიატში 22 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო და ფრონტისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთ პოლიგონზე უნდა გაეგზავნათ.

ვლადივოსტოკის ყოფილი მერი სასჯელს სოფელ ვოლჩანეცში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იხდიდა. ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ უჭირავს იარაღი სამხედრო ფორმაში გამოწყობილ კაცს, რომელიც ოლეგ გუმენიუკს ჰგავს.

38 მილიონი რუბლის მითვისებისთვის გუმენიუკს პატიმრობა 2023 წლის იანვარში მიესაჯა - თავდაპირველად 16 წლითა და 6 თვით; ხოლო შემდეგ, სააპელაციო განხილვისას, სასჯელი 12 წლამდე შემცირდა.

ოლეგ გუმენიუკმა მერის პოსტი 2021 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი მისამართით გაკეთდა მკაცრი განცხადებები საბავშვო ტექნოპარკის რემონტის ხარისხთან დაკავშირებით.