გაერო უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის მიმდინარე წელს 4,2 მილიარდ დოლარს ითხოვს

მარტინ გრიფიტი, გაეროს ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისის (OCHA) ხელმძღვანელი

გაერო დონორებს მიმდინარე წელს 4,2 მილიარდ დოლარს სთხოვს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად - დახმარების მიმღებებად განიხილებიან როგორც უკრაინაში მყოფნი, ასევე ის უკრაინელებიც, რომლებიც ომს სხვა ქვეყნებში გაექცნენ.

მიმდინარე წელს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება 14,6 მილიონ ადამიანზე მეტს, ანუ მთელი მოსახლეობის 40-მდე პროცენტს - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისმა (OCHA) ჟენევაში 15 იანვარს. ამასთან, ომმა 6,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია უცხო ქვეყნებში.

"ასიათასობით ბავშვი ცხოვრობს ომის ფრონტის ხაზებზე არეალებში - შეშინებულები, ტრავმირებულები, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე. მხოლოდ ამ ფაქტმა უნდა გვიბიძგოს ყველაფრის გასაკეთებლად, რათა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ", - განაცხადა OCHA-ის ხელმძღვანელმა მარტინ გრიფიტმა.