ქუთაისის მერიამ ქალაქის ისტორიულ უბანში, მონპლეზირის თაღთან, 7 წლის წინ დახატული გრაფიტის აღდგენის დაპირება გასცა. როგორც რადიო თავისუფლებას მერიაში უთხრეს, შესაბამისი სამსახური არკვევს, ვინ ჩაიდინა ვანდალური აქტი. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის დაზიანების ჩამდენს აუცილებლად გამოავლენენ. "გრაფიტს კი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია და მათ შორის ქუთაისშიც, მალე ისევ აღვადგენთ!“ - განმარტავენ მერიის სტრატკომში.
ვინ და როდის აღადგენს კედლის მხატვრობას? მოიწვევენ ისევ ფრანგ მხატვარს თუ ქართველ ქუჩის მხატვრებს მიმართავენ? - ამ კითხვებს ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით ვერ პასუხობენ.
გრაფიტის ერთ ნაწილზე უცნობმა პირმა შავ, მწვანე და ოქროსფერ ფერებში შესრულებული ლათინური ასოები 21 იანვარს გადაახატა.
დაზიანებული გრაფიტი ქუთაისში
ამის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, რასაც საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილის დაზიანების გამო მოქალაქეებმა აღშფოთება და წუხილი გამოთქვეს და ვანდალური აქტის ჩამდენის გამოვლენა მოითხოვეს.
ქუთაისში ე.წ. მონპლეზირის მიმდებარე კედელი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის, "ქარავან არტ-ფორუმი 2016-ის" ფარგლებში მოიხატა. გოგონას მულტიმედიური პორტრეტის ავტორია ფრანგი მხატვარი ვინი. მხატვარს ქუთაისის გარდა, დიდი და ფერადი გრაფიტები ევროპის არაერთ ქალაქში აქვს შესრულებული.