კულტურის სამინისტროსთან გააპროტესტეს ბიუჯეტის თანხებით ბერლინალეზე 32-კაციანი დელეგაციის გაგზავნა

აქცია-პერფორმანსი კულტურის სამინისტროსთან. 31 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს კულტურის სამინისტროსთან გაიმართა აქცია-პერფორმანსი, რომლითაც კინემატოგრაფისტებმა გააპროტესტეს ეროვნული კინოცენტრის მიერ "საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა". საქმე ეხება კინოცენტრის მხრიდან ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 32-კაციანი დელეგაციის გაგზავნას.

"ქვეყანაში, სადაც ოჯახებს ყოველდღიურად ასახლებენ უკანასკნელი საცხოვრებლიდან, სადაც ბავშვებს ღია ცის ქვეშ დარჩენისთვის იმეტებენ, კულტურის სამინისტრო და კინოცენტრი საბიუჯეტო თანხებს ფლანგავს პარტიის მორჩილი და არაკომპეტენტური ადამიანების ვოიაჟებისთვის.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული კინოცენტრი გადააქცია ნეპოტიზმისა და არაკომპეტენტურობის ბუდედ. სადაც არ უნდა წავიდეს მინისტრი, ყველგან მოვთხოვთ პასუხს კინოცენტრისა და მთლიანად ეროვნული კულტურის ჩამოშლის გამო", - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

მანამდე, კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა ბაჩო ოდიშარიამ გამოაქვეყნა ფეისბუკპოსტი, რომლითაც გამოეხმაურა ბერლინალეზე 32-კაციანი დელეგაციის გამგზავრებას. ოდიშარია წერს, რომ "ყველანაირი ისტერია" "მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია".

"აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავისი საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდუსერებისგანაა დაკომპლექტებული; 23 რეჟისორი/პროდუსერი, 5 კინოცენტრის თანამშრომელი, 4 მედია გამშუქებელი. ეს ნაწილი რასაკვირველია ნაცმედიის სათაურებში არ ხვდება. იქ ხვდება მხოლოდ პოსტვს და იმედის გამშუქებლები. ეს უკანასკნელნი, სიაში მოხვდნენ იმისათვის, რომ ფესტივალის ირგვლივ მედია გაშუქება და სიუჟეტების დამზადება უზრუნველყონ, რაც ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პრაქტიკაა. და დიახ, რასაკვირველია კინოცენტრი ზრუნავს რომ მაქსიმალურად გაშუქდეს ქართული სტენდი და მისი აქტივობები ბერლინალეზე", - წერს ოდიშარია.

გუშინ, 30 იანვარს, გამოცემა "პუბლიკამ" გამოაქვეყნა ბერლინალეზე კინოცენტრის წარმომადგენლების სია - დელეგაციაში არიან პროსახელისუფლებო არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე.

გამოცემის ცნობითვე, გური სულთანიშვილს კინოცენტრი ბერლინალეზე გზავნის, როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს, ხოლო POSTV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს, როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.