რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში სამხედრო- სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკულ კომპლექს „პეტრიოტიდან“ გაშვებული MIM-104A კლასის რაკეტით ჩამოაგდეს.
"გამოძიების დროს ჩატარებული გამოკვლევების დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფრაგმენტები, მათი დიზაინის მახასიათებლების, გეომეტრიული მახასიათებლებისა და არსებული ნიშნების მიხედვით, წარმოადგენს აშშ-ის „პეტრიოტის“ კომპლექსის, Mim-104a საზენიტო მართვადი რაკეტის სტრუქტურულ ელემენტებს", - იტყობინება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
რუსეთის ბელგოროდის რეგიონში ილ-76-ის ჩამოვარდნის საქმეს რუსეთი ტერაქტის მუხლით იძიებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს, დღის პირველ ნახევარში, განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ილ-76. მის ბორტზე იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები. რუსეთის თანახმად, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ესროლეს.
უკრაინა ბრალდებას უარყოფს და ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.
ასევე ნახეთ
რა (არ) ვიცით რუსული ილ-76-ის კატასტროფის შესახებ?
მომხდარზე საუბრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები ეთამაშებიან უკრაინელი ტყვეების სიცოცხლეს, მათი ნათესავების გრძნობებსა და უკრაინის საზოგადოების ემოციებს.