2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონები

Azteca, მეხიკო, მექსიკა

ამ სტადიონის სახელი უდიდეს სპორტულ მოგონებებთან ასოცირდება. 1970 წელს პელემ აქ ბრაზილიასთან ერთად თავისი მესამე და ბოლო მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. 16 წლის შემდეგ კი დიეგო არმანდო მარადონამ დაუვიწყარი „ღმერთის ხელი“ შექმნა. „აცტეკა“ არის ერთადერთი სტადიონი, რომელიც მესამე მუნდიალს უმასპინძლებს.

MetLife Stadium, ნიუ-იორკი, აშშ

მართალია ეს სტადიონი სულ რაღაც 14 წლის არის, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მასპინძლობის პატივი უკვე დაიმსახურა. აშშ-ს, არგენტინას, ბრაზილიას და პორტუგალიას აქ ამხანაგური შეხვედრები ჩაუტარებიათ. ასევე, MetLife Stadium-ზე გაიმართა კოპა ამერიკის 2016 წლის ფინალი, რომელშიც არგენტინა ჩილესთან პენალტების სერიაში დრამატულად დამარცხდა, ატირებულმა მესიმ კი სანაკრებო კარიერა დაასრულა (მერე კი დაბრუნდა).

AT&T Stadium, დალასი, აშშ

AT&T Stadium-ზე, რომელსაც თავისი მოძრავი სახურავი გამოარჩევს, 2011 წლის „სუპერბოული“ გაიმართა და ის დღემდე ინარჩუნებს NFL-ის სატიტულო მატჩებს შორის მეორე ყველაზე მაღალი დასწრების სტატუსს 103 ათასზე მეტი მაყურებლით. ცნობილია, რომ მუნდიალისთვის მისი ტევადობის გაფართოება იგეგმება. საჭირო იქნება ხელოვნური ბალახის ბუნებრივით ჩანაცვლებაც, ისევე, როგორც აშშ-ს სტადიონების უმრავლესობაზე.

Arrowhead Stadium, კანზასი, აშშ

Arrowhead Stadium-ი გინესის რეკორდებშია შესული. ეს არის არენა, სადაც ყველაზე დიდი ხმაური (142.2 დეციბელი) დაფიქსირდა. ეს 2014 წლის 29 სექტემბერს, Chiefs-ისა და New England Patriots-ის ამერიკული ფეხბურთის მატჩის დროს მოხდა.

NRG Stadium, ჰიუსტონი, აშშ

NRG Stadium-ს ფეხბურთი აქამდეც უნახავს. ეს არის ერთადერთი ქალაქი ინგლისს მიღმა, სადაც მანჩესტერული დერბი გამართულა. ასევე, ეს არენა იყო International Champions Cup-ის ნაწილი 2019 წელს. ამერიკულ ფეხბურთში კი ლეგენდარულმა ტომ ბრედიმ აქ ორჯერ იზეიმა „სუპერბოულის“ მოგება New England Patriots-თან ერთად.

SoFi Stadium, ლოს-ანჯელესი, აშშ

SoFi Stadium-ი სიაში ყველაზე ახალგაზრდა არენაა. ის 2021 წელს გაიხსნა და მისი აშენებისთვის 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. სტადიონის სავიზიტორი ბარათი მისი წრიული, ორმხრივი ვიდეოეკრანია.

Lincoln Financial Field, ფილადელფია, აშშ

Lincoln Financial Field-ი ელიტარული ღონისძიებების მასპინძლობაში გამოცდილი ნაგებობაა. აქ გამართულა ისეთი პოპულარული მომღერლების კონცერტები, როგორებიც არიან: ტეილორ სვიფტი (ოთხჯერ), ბიონსე (სამჯერ), Coldplay (ორჯერ).

Lumen Field, სიეტლი, აშშ

Seattle Sounders-ის ქომაგთა დამსახურებით, Lumen Field-ს უკვე აქვს ერთ-ერთი საუკეთესო და ხმაურიანი საფეხბურთო არენის სახელი აშშ-ში.

Levi's Stadium, სან ფრანცისკო, აშშ

რა გასაკვირია, რომ სილიკონის ველზე მდებარე Levi's Stadium-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ტექნიკურად მოწინავე სპორტული არენაა. მას შეუძლია „კლასში საუკეთესო“ ინტერნეტაღჭურვილობით დაიკვეხნოს. ის არის პირველი სტადიონი NFL-ში, რომელიც ფლობს US Green Building Council-ის ორ LEED Gold სერტიფიკატს.

Mercedes-Benz Stadium, ატლანტა, აშშ

Mercedes-Benz Stadium-ი თანამედროვე ტექნოლოგიური კეთილმოწყობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არენაა. ინოვაციური Video Halo Board მსოფლიოში უდიდესი სტადიონის მონიტორია, რომელიც მაყურებელს 360-გრადუსიან ხედვის კუთხეს აძლევს. არენა აღჭურვილია 2 ათასზე მეტი ეკრანით, რაც ასევე სარეკორდო რიცხვია.

Gillette Stadium, ბოსტონი, აშშ

Gillette Stadium-ისთვის მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ხილი სულაც არ არის. მისმა წინამორბედმა ფოქსბოროს სტადიონმა, სადაც ახლა პარკინგია, 1994 წლის მუნდიალის დროს ოთხ შეხვედრას უმასპინძლა.

Hard Rock Stadium, მაიამი, აშშ

მაიამის მრავალფეროვან, მდიდარ ისტორიას ბევრი აქვს საერთო ფეხბურთთან. „ჯადოსნურ ქალაქს“ თავისი წარმომადგენელი ფაქტობრივად ამერიკის ყველა საფეხბურთო ლიგაში ჰყავს. მათ შორისაა დევიდ ბექჰემის „ინტერ მაიამი“, რომელიც MLS-ს 2020 წლიდან შეუერთდა

BC Place, ვანკუვერი, კანადა

BC Place-ს 2015 წელს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მასპინძლობის პატივი ერგო. მაშინ აშშ-ს ნაკრებმა იაპონიის დამარცხება შეძლო ანგარიშით 5:2. უნდა ითქვას, რომ მოედანზე ხელოვნური საფარი იყო დაგებული, რის გამოც მაშინ ფეხბურთელებმა ფიფას უჩივლეს კიდეც. 2026 წლისთვის ზედაპირის ბუნებრივი ბალახით შეცვლაა დაგეგმილი.

Estadio BBVA, მონტერეი, მექსიკა

ლამაზი პეიზაჟის ფონზე ჩაფლულ Estadio BBVA-ს ჯერჯერობით განსაკუთრებული სპორტული ღონისძიებისთვის არ უმასპინძლია. სამაგიეროდ, შარშან აქ კონცერტი გამართა The Weekndm-მა, შარშანწინ კი Coldplay-მ.

Estadio Akron, გვადალახარა, მექსიკა

ადგილი, სადაც ჩიჩარიტო დაიბადა. 2010 წელს აქ „ჩივასმა“ ამხანაგურ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო. ჩიჩარიტომ პირველი ტაიმი ერთი, ხოლო მეორე ტაიმი მეორე გუნდის მაისურით ჩაატარა. სწორედ ასე გამოემშვიდობა ის მშობლიურ კლუბს და შეეგება ბრიტანელებს. Estadio Akron-ს მისი გამორჩეული არქიტექტურის გამო ხშირად ვულკანსაც ადარებენ.

BMO Field, ტორონტო, კანადა

ტევადობის მიხედვით სიაში ბოლო ადგილს ტორონტოს 30 ათასიანი სტადიონი BMO Field-ი იკავებს. 2007 წელს ეს არენა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი იყო. რეკონსტრუქციის ფარგლებში აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ადგილების დამატება და საერთო ტევადობის 46 ათასამდე გაზრდა იგეგმება.