უკრაინის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე პოლიგონზე უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად რუსეთის 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის სულ მცირე 68 რუსი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ წერს.
გამოცემის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეძლეს მოხალისეების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული, დაღუპულთა სიის ვერიფიკაცია. 68-დან 65 იდენტიფიცირებულია. სია რომ ნამდვილია გამოცემას დაუდასტურა პირმა, რომელიც რუსეთის ამ სამხედრო ნაწილში მსახურობს. მისი ინფორმაციით, დარტყმა ძალიან ძლიერი იყო და არის ბევრი დაჭრილიც.
ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოესთან მდებარე პოლიგონზე და იქ სულ მცირე 60 რუსი სამხედრო დაიღუპა, პირველმა გაავრცელა BBC-ს რუსულმა სამსახურმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ BBC: უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს პოლიგონზე, სადაც რუს გენერალს ელოდებოდნენBBC-ს წყაროთა თანახმად, უკრაინელებმა პოლიგონს 20 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში დაარტყეს სავარაუდოდ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის HIMARS-ის 2 რაკეტით. წყაროთა თანახმად, დარტყმის მომენტში, რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის სარდლის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის დასახვედრად პოლიგონზე მოწყობილი ჰყავდათ 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები.
ამ ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის ადგილი რუსეთის იმიერბაიკალეთის მხარეა. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ ოსიპოვმა 21 თებერვალს, ტელეგრამზე დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია „ძალიან გადაჭარბებული და არასანდოა“. გუბერნატორმა 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის წევრთა ახლობლებს მიმართა, რომ ყველა ოჯახს მიაწვდიან „სრულ და სანდო" ინფორმაციას მებრძოლთა ბედის შესახებ.