რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე კანდიდატ ბორის ნადეჟდინს საბოლოოდ უთხრა უარი რეგისტრაციაზე

ბორის ნადეჟდინი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც ომის საწინააღმდეგო პოზიცია უკავია და ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებს.

რუსეთის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო საბჭომ 4 მარტს არ დააკმაყოფილა ომის მოწინააღმდეგე საპრეზიდენტო კანდიდატ ბორის ნადეჟდინის აპელაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თაობაზე.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვეს, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი მითხრეს“, - დაწერა ტელეგრამში 60 წლის მეცნიერმა და ყოფილმა კანონმდებელმა.

აპელაცია, რომლის დაკმაყოფილებაზეც თქვა უარი რუსეთის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო საბჭომ, ეხებოდა უზენაესი სასამართლოს უარს, რომელიც მან ნადეჟდინს 21 თებერვალს უთხრა და არ დააკმაყოფილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი.

ასევე ნახეთ რატომ აგროვებს პუტინის კონკურენტი ხელმოწერებს თბილისში, რუსეთის არჩევნებისთვის

უზენაესმა სასამართლომ გასულ თვეში უარყო ნადეჟდინის ორი სხვა აპელაცია, რომლებითაც მან გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, არ დართოს მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

დღეს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მისი უკანასკნელი განაჩენის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის.

ბორის ნადეჟდინი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც ომის საწინააღმდეგო პოზიცია უკავია და ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებს. მისმა კამპანიამ ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც საარჩევნო შტაბებთან ხელმოწერის მსურველთა გრძელი რიგები გაჩნდა.

ნადეჟდინის შტაბში ირწმუნებიან, რომ შეაგროვეს 200 ათასზე მეტი ხელმოწერა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი წარადგინეს 100 ათასზე ოდნავ მეტი, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტისთვის არის დანიშნული.