კონგრესმა მიიღო პაკეტი, რომელიც მთავრობის ნახევრის დაფინანსებას ითვალისწინებს 2024 წელს

ექვსი კანონპროექტის მიღება კანონმდებლებს გზას გაუხსნის დარჩენილი ექვსი კანონპროექტის მისაღებად 22 მარტამდე. კაპიტოლიუმის შენობა. 9 სექტემბერი, 2019.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ექვსი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც დააფინანსებს ყველა სამთავრობო უწყებისა და პროგრამის თითქმის ნახევარს. საერთო ჯამში გამოიყოფა 460 მილიარდი დოლარი 2024 ფისკალური წლის ბოლომდე, რომელიც 30 სექტემბერს მთავრდება.

სენატში კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათს, 7 მარტს იგეგმება. ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმოწერისთვის გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

პაკეტი შედგება ექვსი კანონპროექტისგან. იგი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის, იუსტიციის, ტრანსპორტის, საბინაო და ურბანული განვითარების სამინისტროთა მუშაობის დაფინანსებას. ის ასევე მოიცავს სამხედრო ბაზებზე სამშენებლო პროექტებს და ვეტერანთა დახმარებას.

ასევე ნახეთ ევროკავშირის შემდეგ ამერიკიდან - კიევი გაჭიანურებულ დახმარებას ელოდება

ხუთ თვეზე მეტია, კონგრესი ვერ ახერხებს ზომების მიღებას მთავრობის ერთი წლის ვადით დასაფინანსებლად. ამ ექვსი კანონპროექტის მიღება კანონმდებლებს გზას გაუხსნის დარჩენილი ექვსი კანონპროექტის მისაღებად 22 მარტამდე.

მეორე პაკეტი მოიცავს თავდაცვის სამინისტროს, შიდა უსაფრთხოების სამინისტროს, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსებას.

ერთობლიობაში კანონპროექტების ორივე პაკეტი ითვალისწინებს 1,66 ტრილიონი აშშ დოლარის ხარჯებს 2024 ფისკალური წლისთვის. შარშან ეს მაჩვენებელი 1,7 ტრილიონი დოლარი იყო.

კონგრესში საბიუჯეტო უთანხმოება, სხვა საკითხებთან ერთად, ანელებს უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების აღმოჩენას.