მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დემონტაჟი დაიწყო

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ღობის დემონტაჟი

დღეს, 8 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობის სამუშაოების დაწყებიდან 11 თვის თავზე, ღობის დემონტაჟი დაიწყეს. დემონტაჟის ფარგლებში, ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტურნიკეტების აღებაც იგეგმება.

ტურნიკეტები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან

2023 წლის 7 აპრილს, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოსაწყობად სამუშაოები მოულოდნელად დაიწყეს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით.

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში რადიო თავისუფლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ ღია სივრცეში, სადაც ერთი ხეც კი არ იყო დარგული, გავლებული იყო ღობე, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის ეზოს წინა ნაწილი სკვერად გადაკეთებული სივრცისგან უნდა გამოეყო. ტერიტორიის თითქმის ნახევარზე აკეთებდნენ ხელოვნურ კუნძულებს, სადაც მცენარეების დარგვა იგეგმებოდა. კუნძულებს შორის სივრცეებში დაგეგმილი იყო სკამების დადგმაც.

ასევე ნახეთ 8 თვე გავიდა - მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობა არ დასრულებულა

იმჟამად მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ვერ ასახელებდა სამუშაოების დასრულების თარიღს. ამ დრომდე უცნობია ამ სამუშაოების ხარჯი.

ასევე ნახეთ კანცელარიის გალამაზებაში “ცუდი არაფერია” - ართმევს თუ აძლევს მთავრობა საჯარო სივრცეს ქალაქს

რკინის ჯებირი მთავრობის ადმინისტრაციასთან წლების წინაც იყო და "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გადაწყვეტილებით მოხსნეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წინამორბედის რამდენიმე გადაწყვეტილება შეცვალა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟთან დაკავშირებული.