თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟირაფებისთვის ვოლიერებს ამზადებენ. სეზონური - ზამთრისა და ზაფხულის ვოლიერები - აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თბილისის ზოოპარკს "ზოოპარკებისა და აკვარიუმების ევროპული ასოციაცია" ცხოველების მოძიებაში დაეხმაროს.
"ზამთრის ვოლიერი სრულდება, თუმცა ზაფხულის ჯერ გასაკეთებელია - ეს პრობლემაა ჟირაფების ჩამოყვანის", - ეუბნება რადიო თავისუფლებას თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
მისი თქმით, "ზოოპარკებისა და აკვარიუმების ევროპულ ასოციაციას" გასულ წელს განაცხადის შეტანით აცნობეს, რომ თბილისის ზოოპარკში ამ ცხოველის ყოფნის სურვილია. ამ საკითხზე დეტალების დასაზუსტებლად საუბარიც შედგა. განიხილება სულ მცირე ჯგუფის - ხუთი ჟირაფის - ჩამოყვანა.
"რადგან ევროპიდან ცოტა მოშორებით ვცხოვრობთ და ახალი ინდივიდების ჩამოყვანა გადავწყვიტეთ, 'გამმრავლებად ჯგუფს' ჩამოვიყვანთ... ტრანსპორტირება თვითმფრინავით უნდა მოხდეს და ლიმიტი სიმაღლეში არის 4 მეტრი, რაც ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ჟირაფები უნდა ჩამოვიყვანოთ", - ამბობს გურიელიძე.
შემდეგი სხდომა "ზოოპარკებისა და აკვარიუმების ევროპულ ასოციაციაში" რამდენიმე თვეში, 2024 წლის სექტემბერშია დანიშნული. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ამ დროს ასოციაციას ვოლიერების შესახებ განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.