კრივოი-როგში 4-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი, მსხვერპლია მირნოგრადსა და სუმიშიც

კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაზიანებული სახლი

უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ სუმიში. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. დაღუპულთა რიცხვი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონით დარტყმის შედეგად დანგრეულია 5-სართულიანი სახლის ნაწილი. მაშველებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათგან 8 ტრავმირებულია. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

4-მდე გაიზარდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე გუშინ, 12 მარტს, განხორციელებული სარაკეტო შეტევის გამო დაღუპულთა რიცხვი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს კლინიკაში გარდაიცვალა 47 წლის ქალი, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. 12 მარტს დადასტურებული იყო 3 ადამიანის სიკვდილი.

რუსული რაკეტის ნამსხვრევებით გამოწვეულმა ხანძარმა კრივოი-როგში ნაწილობრივ გაანადგურა მრავალბინიანი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი.

ასევე ნახეთ რუსეთში დრონებით შეტევა იყო კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გასულ საღამოს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა 5-სართულიანი სახლი. მაშველებმა გადაარჩინეს 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.