ვულკანის ამოფრქვევის გამო ისლანდიაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

სამხრეთ ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მორიგი ვულკანური ამოფრქვევის გამო - დეკემბრის შემდეგ ეს მეოთხე და ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა.

ევაკუაცია მოსთხოვეს პატარა ქალაქ გრინდავიკის მაცხოვრებლებს, რომლებიც მანამდე არაერთხელ ძლიერ დაზარალდნენ სეისმური აქტივობის გამო.

ხალხი გამოიყვანეს ისლანდიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, „ცისფერი ლაგუნის“ ტერიტორიიდანაც. ამოფრქვევის დროს ამ მხარეში 500-დან 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ქვეყნის საჰაერო სივრცე ღია რჩება, მიუხედავად იმისა, რომ კვამლი ჯერ ისევ ამოდის. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ამოფრქვევა შაბათს საღამოს დაიწყო ჰაგაფელისა და სტორა სკოგფელის მთებს შორის - გრინდავიკის ჩრდილოეთით.

ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა. „ბიბისის“ ცნობით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანური აქტივობის წინა პერიოდი მე-13 საუკუნით თარიღდება, როდესაც ამოფრქვევები გაგრძელდა ათწლეულების განმავლობაში.

ამჟამინდელი ამოფრქვევა 2021 წლის შემდეგ მეშვიდეა და მეცნიერები თვლიან, რომ ეს ტერიტორია შედის ახალ ვულკანურ ეპოქაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ათწლეულების ან თუნდაც საუკუნეების განმავლობაში.