ბორელი ევროკავშირს შესთავაზებს, გაყინული რუსული აქტივების მოგებათა 90% უკრაინის შეიარაღებას მოხმარდეს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი. ბრიუსელი, 4 აპრილი, 2023.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირს შესთავაზებს, ევროპაში გაყინული რუსული აქტივების მოგებათა 90% გამოიყენოს იმისთვის, რათა ამ თანხით უკრაინის დასახმარებლად იარაღი შეისყიდონ ფონდ European Peace Facility-ის მეშვეობით. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ბორელის თქმით, ის ამ წინადადებას ევროკავშირის წევრებს ოთხშაბათს წარუდგენს კავშირის სამიტის წინ, რომელიც ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება.

ასევე ნახეთ „ტესტი უკრაინის მხარდასაჭერად“ - ვაჯამებთ სტოლტენბერგის ვიზიტს ბაქოში, თბილისსა და ერევანში

ბორელმა აღნიშნა, რომ საქმე ეხება მოგებას იმ აქტივებიდან, რომლებიც ევროპაში ინახება და არა თავად აქტივებს. მისი სიტყვებით, ეს შეიძლება იყოს წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი ევრო.

ადრე BBC იტყობინებოდა, რომ ევროპის კომისია ამზადებს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს გაყინული რუსული აქტივების ან მათი ინვესტირებით მიღებული მოგების ნაწილობრივ გამოყენებას და რომ ეს საკითხი 21-22 მარტის სამიტამდე შეიძლება დადგეს.