მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები, ცხინვალში რუსეთის ე.წ. საელჩოსთან ყვავილებით მივიდნენ

22 მარტს, მოსკოვის ოლქში, „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა და მათ ხელმძღვანელებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოსთხოვა.

გაძლიერდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა. ყველა დაგეგმილი გასართობი და კულტურული ღონისძიება გადაიდო. ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ამჟამად ვითარება რეგიონში კონტროლს ექვემდებარება.

23 მარტს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები, ცხინვალში რუსეთის ე.წ. საელჩოსთან ყვავილებით მივიდნენ და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას სამძიმარი გამოუცხადეს. დილიდან მიდიან იქ მოქალაქეებიც და შენობის წინ ყვავილებს აწყობენ.

22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.

ასევე ნახეთ

ФСБ: „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის საქმეზე 11 პირია დაკავებული

„როიტერსის“ ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

ასევე ნახეთ

მოსკოვთან „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა