„ჩემით გავაზიარე“, - ასობით საჯარო მოხელე „აგენტების კანონზე“ პოსტავს

„აგენტების კანონის“ შესახებ პუნქტობრივ განმარტებას საჯარო სამსახურებში დასაქმებულები აზიარებენ.

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ასობით ადამიანი აზიარებს ერთსა და იმავე პოსტს: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის პუნქტობრივი შინაარსის ამსახველ ფოტოს. „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული დოკუმენტის შესახებ გამოსახულება თავდაპირველად „ოცნების“ დეპუტატმა დიტო სამხარაძემ გაავრცელა.

აზიარებენ უსიტყვოდ, ზოგი - ძახილის ნიშნების თანხლებით, ზოგიც კომენტარებით. მაგალითად, ასეთით: „ნათლად და გასაგებად“ ან „ვეღარავის მოატყუებენ“ ან „პასუხი მატყუარა ოპოზიციას“.

როგორ მოხდა, რომ ერთმანეთისგან დაშორებულ ათობით ქალაქში, ერთმანეთთან კავშირის არმქონე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულმა ასობით მოხელემ, ერთდროულად გადაწყვიტა ე.წ. აგენტების კანონზე დაპოსტვა? თან ისე, რომ ვინმეს პოსტი კი არ გააზიარეს, საგანგებოდ შექმნილი კონკრეტული შინაარსის ბარათი ჩამოტვირთეს და თავიანთ ფეისბუკკედელზე ატვირთეს.

არის თუ არა ეს ხელისუფლების კოორდინირებული კამპანია საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიზნით?

ეს არის ერთ-ერთი საინფორმაციო ბარათი, რომელსაც ავრცელებენ საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანები

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“ ამ ამბავმა იმიტომ დააეჭვა, რომ 3 აპრილს, თითქმის ერთდროულად, ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა და გარდაბნის მერიის საჯარო მოხელეებმა, სამუშაო საათებში, მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ზუსტად ერთ საათში, ერთდროულად დაიწყეს ფეისბუკზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ ანუ ე.წ. აგენტების კანონის შესახებ მომზადებული საინფორმაციო ფოტოს გაზიარება.

„აი, ფაქტის“ მთავარი რედაქტორი, ნინო ბაქრაძე გვიყვება, რომ მაშინვე დაიწყეს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ფეისბუკპროფილების შემოწმება.

ქვეყნის 58 დაბისა და ქალაქის ადგილობრივ მთავრობებში დასაქმებული 230 ადამიანის ფეისბუკგვერდი შეამოწმეს - რთული მისახვედრი არ იყო, რომ ამ ადამიანებს ერთი პოსტის გაზიარება დაევალათ.

ასევე ნახეთ ხუთი პირობა, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია

გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფი ამ ფოტოების გამზიარებელ ხუთ ადამიანს გაესაუბრა კიდეც. მათ შორის, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ხარაგაულის მერის მოადგილეს, ცაგერის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველს.

ხუთივე ერთსა და იმავეს ამბობდა: ფოტოს სოციალურ ქსელში წააწყდნენ და რადგან მათ შეხედულებას ემთხვეოდა, ამიტომ გადმოწერეს და შემდეგ ატვირთეს.

„ის, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა საჯარო სამსახურის მოხელეები შეთანხმებულად აზიარებდნენ ამ ინფორმაციას, აჩვენებს, რომ ეს ნამდვილად მთავრობის კოორდინირებული დავალება იყო. ერთ-ერთ მათგანს ვოთსაფში ჩაგდებული ამ ფოტოს სქრინი ჰქონდა გაზიარებული, სადაც უბრალოდ ჩანდა, სად იყო ეს ფოტო გაგზავნილი. როგორც ჩანს, ამდენიც ვერ გათვალა“, - გვიყვება ნინო ბაქრაძე.

რამდენიმე საჯარო მოხელეს „აი, ფაქტმა“, ვითომ მთავრობის სტრატეგიული კომიტეტის სახელით დაურეკა და ჰკითხა, ამ ფოტოს გარდა, რატომ არ გააზიარეს ამავე თემაზე მამუკა მდინარაძის ბრიფინგის ვიდეო, რაზეც პასუხად მიიღეს, რატომ უნდა გაგვეზიანებინა, რა გვჭირს ვინმეს დასავალებელიო.

ნინო ბაქრაძე ფიქრობს, რომ ისინი ბევრნაირი კითხვისთვის იყვნენ მომზადებულები და ამისთვის მმართველი გუნდი საგანგებოდ ემზადებოდა.

„ყველას ერთნაირი პასუხი ჰქონდა მომზადებული, რომ ასე მათი „შინაგანი რწმენის“ მიხედვით იმოქმედეს და რომ ეს სინამდვილეში გამჭვირვალობის კანონი იყო“.

„აგენტების კანონთან“ დაკავშირებულ რამდენიმე კითხვას ყველა საჯარო მოხელე ერთნაირად პასუხობდა:

„აი, მაგალითად, ყველა გვიბრუნებდა კითხვას:, „ალტ-ინფო“ საიდან ფინანსდება, არ გაინტერესებთო? რუსული ფული რაზე იხარჯება, არ გინდათ გაიგოთო? ერთი წლის წინ ასე გამოკვეთილი მესიჯები არ ჰქონიათ“, - გვითხრა ნინო ბაქრაძემ.

ე.წ. აგენტების კანონზე, „ქართული ოცნების“ წევრის, დიტო სამხარაძის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოდართულ პოსტს ამ ეტაპზე 759 გაზიარება აქვს - თუ გამზიარებლების ფეისბუკგვერდებს ჩავუყვებით, ვნახავთ, რომ მათ უმრავლესობას სამსახურად საჯარო უწყება აქვს მითითებული: იუსტიციის სახლი, შსს, მერია.

დიდ უმრავლეობას პოსტი უბრალოდ გაზიარებული კი არ აქვს, არამედ ფოტო ჩამოტვირთულია და მათ კედელზე ხელახლა ატვირთული.

საქართველოს რამდენიმე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოხელეებს ჩვენც ვესაუბრეთ და პირდაპირ ვკითხეთ, იყო თუ არა ეს ხელისუფლების დავალება.

მაგალითად, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, თამუნა ჯიქიამ გვიპასუხა, რომ ის, ისედაც პოლიტური ფიგურაა, საკრებულოს წევრია და არავის დავალება არ სჭირდება:

„გარდა ამისა, პირადი აზრიც გამაჩნია, არასოდეს არ მერიდებოდა ამ აზრის გამოხატვა და ამისთვის არავის ბრძანება არ მჭირდება. რასაც მართლად მივიჩნევ, იმას ხმამაღლა ვამბობ და ვაზიარებ შიგნითაც და გარეთაც. ამ კანონის მიღებას თავიდანვე ვეთანხმებოდი, ახლაც ვეთანხმები და იმიტომ გავაზიარე. არანაირი დავალების მიღება არ მჭირდება იმაზე, რასაც ისედაც ვეთანხმები“.

ვესაუბრეთ დავით წიტაიშვილს, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს:

„გაზიარებული აქვთ სხვებსაც? არ ვიცი. მე ეგეთი დავალება არ მიმიღია, არც ვიღებ ეგეთ დავალებებს და სხვებს რა აქვთ გაზიარებული, არც ვიცი. არ შევსულვარ სოციალურ ქსელში. მე ქალაქის მერის გაზიარებული პოსტი ვნახე და მეც გავაზიარე, სულ ეგ იყო. არსებითად ვეთანხმები ამ კანონის მიღებას“.

დავურეკეთ ახმეტის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მერებს, რომლებსაც ასევე ჰქონდათ „აგენტების კანონის“ შესახებ პოსტი გაზიარებული.

ახმეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა გვითხრა:

„არა, რა დავალება, მაგას მხარს ვუჭერდით ისედაც და ჩემი სურვილით გავაზიარე, რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს“.

სიღნაღის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი არ დაგველაპრაკა, თუმცა ჩვენს რეგიონულ კორესპონდენტს უთხრა, მაგ საკითხზე კომენტარი სწორად არ მიმაჩნია, იმდენი რამეა ჩემს გვერდზე გაზიარებული, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ყველაფერზე კომენტარი გავაკეთოო.

დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა კი გვითხრა, რომ ყველაფერი მარტივადაა - თუ ის, როგორც საჯარო პირი, ავსებს ქონების დეკლარაციას და მისი ყველა ქმედება უნდა იყოს გამჭვირვალე, მაშინ, სხვებიც ამ წესს უნდა დაემორჩილონ:

- რა შუაშია დავალება? საკმაოდ აქტიურადა ვარ ფეისბუკზე და მეტყობა, რომ დავალებებს ვასრულებდე?

- სხვა დროს რომ არ გაგივრცელებიათ მსგავსი რამ?

- ჩვეულებრივ კანონპროექტებზე არც ასეთი ამბავი ამტყდარა, თორემ როგორ არ გამივრცელებია, რაც ჩემთვის საინტერესო და საჭირბოროტო თემა არის ხოლმე, რაღაცას ყოველთვის ვპასუხობ ხოლმე. ასე რომ, არანაირი დავალება!. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე, უფრო უკეთესი იქნება. უფრო წყნარად იქნება საზოგადოება. როცა დაფარული არაფერია, არც სანერვიულოა. რაც აქტუალურია, იმაზე ვრეაგირებ ხოლმე.

- ანუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა იყოს ერთნაირი პირობებში, რომ თეთრს ერქვას თეთრი და შავს ერქვას შავი. ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ყველამ დაადეკლარიროს თავისი შემოსავლები თუ ის, ვინ ჰყავს პარტნიორი.

ასევე ნახეთ „აგენტების კანონი“ და ლგბტ უფლებების შეზღუდვა - რა დრო დასჭირდება „ოცნებას“ საქმის ბოლომდე მისაყვანად

მსგავს პროცესებს დიდი ხანია აკვირდება „მედიის განვითარების ფონდი“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი გვეუბნება, რომ აპრობირებული მეთოდია, როცა საჯარო მოხელეები, სამუშაო საათებში საკუთარი ფუნქციის შესრულების ნაცვლად, პარტიის ინტერესებს ემსახურებიან და ორგანიზებულად და კოორდინირებულად აზიარებენ კონკრეტულ პოსტებს, რასაც მათ ხელისუფლება დაავალებს. მაგალითად, ამის დასტურია ფეისბუკგვერდი „სინამდვილეში“:

„ეს არის კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა, სადაც რეალური ადამიანებიც არიან ჩართულნი და ყალბი ანგარიშებიც. პოლიტიკურად ტურბულენტურ პერიოდებში ამ მეთოდს საზოგადიებრივი აზრის მანიპულირებისთვის იყენებენ“, - გვითხრა თამარ კინწურაშვილმა.

ე.წ. აგენტების კანონის მხარდასაჭერ, მთავრობის კოორდინირებულ კამპანიას აფასებს „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“.

ორგანიზაციის სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტების კოორდინატორი ქრისტინა ფარჯიანი გვიყვება, რომ მათ გამოავლინეს 30 მუნიციპალიტეტის ორგანოში დასაქმებული 96 საჯარო მოსამსახურე, რომლებმაც 3-4 აპრილის განმავლობაში ფეისბუკის პირად ანგარიშზე ერთნაირი „ქარდები“ საჯარო პოსტის სახით გამოაქვეყნეს.

„ძალიან აქტიური კამპანია მიდის. ჩვენი დაკვირვებით, საჯარო მოხელეები კონკრეტული ინფორმაციის გასავრცელებლად ადრეც გამოუყენებია ხელისუფლებას, თუმცა ასეთი მასშტაბური კამპანია არ გვახსენდება“.

ISFED-ის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში ფეისბუკის გვერდებსა და ინსტაგრამის ანგარიშებზე კანონპროექტთან დაკავშირებული 120-მდე რეკლამა გამოქვეყნდა.

მათ შორის იყო საინფორმაციო ბარათები („ქარდები“) - მანიპულაციურად ახსნილი შინაარსით, თუ რას გულისხმობს კანონპროექტი. ამ ბარათებზე მითითებულია, ვისზე გავრცელდება ის, თუმცა მიჩქმალულია ზოგადი კონტექსტი.

რეკლამები გამოქვეყნდა გვერდებზე: „საქართველოს მთავრობა“, „ქართული ოცნება / Georgian Dream”, „ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze“, „შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili“, „TV Imedi“, „POSTV - ანალიტიკა“, „POSTV - ახალი ამბები“, „ Newshub.ge - ნიუსჰაბი“, „სინამდვილეში“, „ქართული ოცნება ჩემი არჩევანია“, „Bidzina Ivanishvili for Georgia“, „პოლიტიკური სატირა / Political Satire“, „პოლიტიკური აბსურდი“, „აგენტურა“, „ციტატა“, „PrimeNews.Ge“.

ISFED-ი წერს, რომ 3-4 აპრილს დარეკლამებული პოსტების ნაწილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელ გზავნილებს მოიცავს. პოსტების ნაწილი, სექსისტური და ჰომოფობიური შინაარსისაა.

ასევე ნახეთ როგორ ვაქციოთ მწერალი "უცხოურ აგენტად" და "ტერორისტად" - ბორის აკუნინის მაგალითი