დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების ჩარევას, - განცხადებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან პარტნიორობის ძირითადი საყრდენია.
„შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა იმ საკანონმდებლო და სხვა რეფორმების განსახორციელებლად, რაც აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მომავალი წევრობისთვის“, - წერია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოში მმართველი გუნდის მიერ ხელახლა ინიციირებულ კანონს აკრიტიკებენ დასავლელი პარტნიორები - აშშ, ევროკავშირი, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ დიდი იმედი აქვთ, საქართველო ამ ცვლილებებს არ მიიღებს და პარლამენტი გაითვალისწინებს მათი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.
ასევე ნახეთ დიდი იმედი მაქვს, მას აღარ მიიღებენ - ოლაფ შოლცი კობახიძეს „აგენტების კანონზე“„აგენტების კანონს“ „ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა.
12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონი „თავისი შინაარსით წარმოადგენს რუსეთის "უცხოეთის აგენტების" კანონის ზუსტ ასლს“ და „სასწორზე ქართველი ხალხის მომავალი დევს“.
„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის მიღებას.
ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.